აჭარის სამედიცინო საზოგადოებამ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პეტიცია შექმნა

პუბლიკა

ბათუმში აჭარის სამედიცინო საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით პეტიცია შექმნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა.

მათი განცხადებით, პეტიციაზე ხელმოწერები დაწყებულია და ხვალისთვის აჭარის სამედიცინო საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ პოზიციას.

ექიმმა სოფო ბერიძემ პეტიციის ტექსტი საჯაროდ წაიკითხა:

„მედიცინა ჰუმანური დარგია და მისი მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლის დაცვა და შენარჩუნებაა. სახელმწიფო მოწყობის ნებისმიერი მოდელის პირობებში ექიმი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისა და წნეხისგან და უნდა მოქმედებდეს ადამიანის სიცოცხლის, როგორც კაცობრიობის უმთავრესი ღირებულების გაცნობიერებით.

კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ყველა ის შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი და ზოგადად მოქალაქე, განზრახ ქმედების თუ უმოქმედობის გამო, ისჯებოდა სიცოცხლის ხელყოფით, ისტორიას რჩებოდა შავ ლაქად და განსაკუთრებით უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის მომავალ განვითარებასა და ცივილურ სამყაროში ინტეგრაციაზე. ისტორია გვაჩვენებს, რომ აღნიშნულის სრულად გაცნობიერებას წლები სჭირდება, დამდგარ ზიანს და შელახულ რეპუტაციას კი – ხშირად დიდი ძალისხმევაც ვერ აღადგენს.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ შიმშილობის 35 დღეს ორგანიზმი შეუქცევადი დაზიანებების მიჯნაზეა და ამის ცოდნის პირობებში ჩვენი უმოქმედობა პაციენტის განსაცდელში მიტოვების ტოლფასია, რაც როგორც მორალურად ასე იურიდიულად დასჯადი ქმედებაა ვთვლით, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულებებისა, ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები და განსაკუთრებით ექიმები, უნდა დავდგეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის სადარაჯოზე, მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ქვეყნის ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პარლამენტს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეების გაცნობიერებით დაუყონებლივ განხორციელდეს მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის უფლება.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული მოწოდება/თხოვნა – სრულიად აპოლიტიკურია, არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არ არღვევს არცერთ საკანონმდებლო ნორმას და მისი არშესრულების შემთხვევაში კი პირიქით საფრთხე ექმნება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჩვენ ყველა ამ დანაშაულის თანამონაწილე გავხდებით“,- ნათქვამია პეტიციაში.