აჭარის ტელევიზიის მთავარ გამოშვებას აღარც თეონა თურმანიძე წაიყვანს

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ გამოშვებას თეონა თურმანიძეც აღარ წაიყვანს. მისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ წაიყვანდა მთავარ საინფორმციო გამოშვებებს, ტელემაყურებელმა 15:00-საათიანი გამოშვების დროს გაიგო.

აჭარის ტელევიზიის 15:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დროს წამყვანმა თეონა თურმანიძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დროებით სთანხმდება შემოთავაზებას და წაიყვანს რვასაათიან გამოშვებას.

„იმის გამო, რომ მაუწყებელი კრიზისშია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება, ამიტომ შეთავაზებას მხოლოდ დროებით ვთანხმდები. დარწმუნებული ვარ, სხვა გადაწყვეტილება არც იქნება მიღებული და თეონა ბაკურიძე ეთერში მალე დაბრუნდება”, – თქვა 15:00-საათიანი გამოშვების დასრულებისას თეონა თურმანიძემ.

ამის შემდეგ, როგორც თეონა თურმანიძე facebook-ზე წერს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გვაზავამ, გადაწყვეტილება შეცვალა, მიზეზად კი დაასახელა ის, რომ თურმანიძემ მის წინადადებაზე თანხმობა პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ასე გადაწყვიტა გიორგიმ, ეთერში გამოვაცხადე და მაყურებელს დავემშვიდობე 8-მდე. ვთქვი, რომ მხოლოდ დროებით, ჩვენი სამუშაო რომ არ დაზარალებულიყო, მხოლოდ ამიტომ დავთანხდი ამ შეთავაზებას, აღმოჩნდა, რომ შეცვალა გადაწყვეტილება – ეთერში არ უნდა გეთქვა პასუხიო. მობილურზე მივწერე, მაგრამ ამბობს, რომ არ დამიხედავსო“, – წერს თურმანიძე facebook-ზე.

„აჭარის ტელევიზია“ წერს, რომ ახალი ამბების სამსახურის სამუშაო ოთახში დაბრუნებულ თეონა თურმანიძეს გიორგი აბაზაძემ უთხრა, რომ საღამოს გადაცემაზე თავად ჯდებოდა, გადაწყვეტილების შესახებ კი ეთერიდან არ უნდა გაეგო.

„სამის 25 წუთი იყო, თეონას [თურმანიძეს] ვუთხარი, თუ დაჯდებოდა ეთერში – მოვიფიქრებო. სტუდიაში შესვლამდეც ვკითხე. მითხრა, ჯერ ვფიქრობო. 4-ის 20 წუთზე მოუწერია სმს, შენ თუ შეძლებ, დღეს დაჯექი და ხვალიდან მე ვიქნებიო. მესიჯი ნანახი არ მქონდა და პირდაპირ ეთერში გამოაცხადა ამის შესახებ. ვფიქრობ, ეთერში არ უნდა გამოეცხადებინა – ვთანხმდები წინადადებასო. მე არ მეგონა, რომ თეონა ჯდებოდა ეთერში და დავიწყე გადაცემის კეთება, უნდა ეთქვა მანამდე, რად უნდოდა ამდენი ფიქრი“, – ამბობს გიორგი აბაზაძე.

LB loan image desktop LB loan image mobile