ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ უსაფრთხო არჩევნების რეკომენდაციები ცესკოში გაგზავნილია და მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა უსაფრთხო არჩევნების ჩატარებისთვის.
მისი თქმით, არჩევნების რეკომენდაციებს დაემატა აცრა და ყოველკვირეული სავალდებულო ტესტირება პროცესში მონაწილე პირებისა.
„ჯანდაცვის სექტორში არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია 2 ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება.
ერთი, რომ არჩევნები უკავშირდება მეტ მობილობას და ამას რისკების ზრდაც მოჰყვება და მეორე – ზუსტად დავიცვათ არჩევნების უსაფრთხოებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები.
დღეს ვმუშაობთ ცესკოსთან, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური და ასევე რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს. ჯერჯერობით, ამის გარდა, რამე განსაკუთრებული რეკომენდაცია ჯანდაცვის სექტორს არჩევნებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, თუმცა ეს მიმდინარე პროცესია და გამომდინარე იქიდან, თუ რა საჭიროება დადგება, შესაძლებელია, ამაზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, წინა არჩევნების დროს ვირუსის გავრცელების მთავარი ბუსტერი ქუჩის აქციები იყო.
„ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია, თუმცა უკონტროლო აქციებზე მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
„ასევე მივმართავ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, ეპიდემიოლოგებს, გააკეთონ პროგნოზი და გვითხრან, ინფიცირებულების რამდენად ზრდას ელოდებიან არჩევნების შემდგომ, თუ არის მზად ჯანდაცვის სექტორი და ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას. თუ ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი ადამიანის გარდაცვალება, მაშინ რატომ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს?“, – ამის შესახებ დღეს სახალხო დამცველმა განაცხადა.