ადამიანი ამბობს, რომ თურმე მთელი ცხოვრება ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ - კობახიძე სააკაშვილზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი უმძიმესი დამნაშავეა და ამ ფონზე საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი აქვს შეფარდებული“.

მისივე თქმით, კანონის წინაშე თანასწორობა შურისძიებას არ ნიშნავს.

„მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხარისხის მიუხედავად, მას შეფარდებული აქვს საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი – ექვსი წელი, რაც არის მათ შორის ჩვენ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის დამსახურება და მან ბუნებრივია, ამისთვის სასჯელი უნდა მოიხადოს.

შურისძიებას არ ნიშნავს იმას, როდესაც კანონის წინაშე ადამიანი არის თანასწორი. არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრად მსუბუქი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და აქვთ შეფარდებული ზოგს რვა წელი. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა უკავშირდებოდა ერთ-ერთ ყოფილ მერს და კორუფციული სამართალდარღვევისთვის მას შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მოცულობა ამ საქმის, მათ შორის თანხობრივად, იყო ბევრად ნაკლები. კაცმა იქ 9 მილიონი იქურდა, იქ ადამიანის წამება შეუკვეთა, ტელევიზია მიიტაცა, ხალხს აწამებდა ციხეებში და ა.შ. ამისთვის 6 წელი არის არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ორი კვირის წინ დასრულდა.

„მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ, რაზეც არსებობს ოფიციალური დასკვნა. ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა და მას ჰქონდა უფრო რთული მდგომარეობა თავის დროზე, როცა დაასრულა შიმშილობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. უკვე გასულია ლამის ერთი თვე და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს.

როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება თურმე გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარად დისკრიმინაციული მიდგომა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile