ადვოკატი აცხადებს, რომ ენზელ მკოიანს ემუქრებიან და ფულის გამოძალვას ცდილობენ

პუბლიკა

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მკოიანის სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან მას დაემუქრნენ და პოლიტიკიდან ჩამოშორება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი ფულის გამოძალვა სცადეს.

„იყო სატელეფონო მუქარა. პირველი ფაქტი იყო 2020 წლის 20 ივლისს საღამოს საათებში, როდესაც ბატონ მკოიანს დაურეკეს მობილურზე, მესენჯერის საშუალებით შემოვიდა ზარი. მოსაუბრე ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, თუმცა კავკასიური აქცენტით და მას პირადად განუცხადეს, ჩამოშორებოდა პოლიტიკას, ყოფილიყო წყნარად, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს.

24 ივლისს საღამოს „ვოთსაპის“ საშუალებით დაუკავშირდნენ, ისევ რუსულად ესაუბრებოდნენ. შემოსული ზარის ინდექსად მას მიაჩნია, რომ ეს იყო რუსული. რუსულად ელაპარაკებოდა ისევ კავკასიური აქცენტით და ამ შემთხვევაში გამოვიდნენ ფულის გამოძალვაზე. მიმართვა იყო, რომ „ეი, ოლიგარქ, როგორა ხართ, ბიზნესში რომ ხარ, რატომ არ იხდი ფულს… უნდა გადაგვიხადო 5 მილიონი აშშ დოლარი.

ამაზე უკვე მკოიანი ეუბნება – თქვენ ვინა ხართ? რატომ უნდა გადაგიხადოთ? ან რას იზამთ, რომ არ გადაგიხადოთ? საპასუხოდ წამოვიდა მუქარა. ორი პიროვნება ესაუბრებოდა რუსულ ენაზე. ერთი ეუბნება, რომ 15 წელი ვიჯექი ციხეში, თუ ჩვენ მიერ მოწოდებული ანგარიშის ნომრებზე არ ჩარიცხავთ 5 მილიონს, მოგკლავთ და კიდევ წავალთ ციხეში… ბატონი ენზელი ამბობს, რომ ორივე საუბრობდა კრიმინალური ჟარგონებით“, – აცხადებს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი და დასძენს, რომ მკოიანების ოჯახი დასტრესილია, თავად მკოიანიც შეშინებულია.

ადვოკატმა გაიხსენა ნინოწმინდა-ახალქალაქის რაიონში ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმები, რომელშიც მკოიანი მონაწილეობდა და, ადვოკატის შეფასებით, ამ შემთხვევებში ენზელ მკოიანი აუცილებელი მოგერიების მიზნით იცავდა თავს.

ადვოკატის ინფორმაციით, დეპუტატის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამოც ის დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.

„ის მიმართავს საქართველოში აკრედიტირებულ ყველა საელჩოს, ყველა ელჩს და ითხოვს, რომ მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დაცული იყოს. მას სურს, შეხვდეს ამერიკის ელჩს დღეს ან ხვალ და ესაუბროს ამერიკის ელჩს.

ბატონ ენზელს ეჭვები ამ თემასთან დაკავშირებით არავისთან აქვს, როცა დაურეკეს დაეწერა მესენჯერში სახელი „ვასილი“, მეორე შემთხვევაში „ვოთსაფში“ გადარეკა და ეწერებოდა „ვანია“, მოგვიანებით ეს ტელეფონები გათიშული იყო. ის ფიქრობს, რომ რუსეთში მას მტრები არა ჰყავს, ვისაც აქ ემსახურება 21 წელია, გართულებული ურთიერთობა არავისთან არ აქვს… მტკიცებით ფორმაში, რომ ეს პოლიტიკას უკავშირდება, ვერ ვიტყვით“, – აღნიშნა ტარიელ მურმანიშვილმა.