თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ „საბოტაჟის საქმეზე“, რომელზეც 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებული, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ჯგუფის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები გამოჰკითხეს.
სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ თქვა, რომ
„ბრალის დადგენილებაში მტრულ სახელმწიფოდ მოხსენიებულია ამერიკის შეერთებული შტატები“.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა სასამართლოში თქვეს, რომ CIA აწყობდა გადატრიალებას საქართველოში, შესაბამისად, ბრალდებულები თანამშრომლობენ სწორედ CIA-სთან და ისინი ამბობენ, რომ მტრული სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ, არის ამერიკა.
ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერი და თანამოაზრე გახდლათ ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და როგორც მან მთხოვა, რომ არ გამომრჩენოდა არავითარ შემთხვევაში – მარტა კოსი“, – თქვა ომარ ფურცელაძემ.
ე.წ საბოტაჟის საქმეზე პროკურატურამ 2025 წლის 8 თებერვალს საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით გამოძიება „ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. სწორედ ამ საქმის ფარგლებში არიან ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
დღეს „ნეიტრალური საქართველოს“ რამდენიმე წევრმა მისცა ჩვენება.
დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ნანა კაკაბაძემაც. მისი თქმით, „საქართველოსთვის მტრულია ნებისმიერი ძალა, რომელიც ქვეყანას ომში ჩართვისკენ მოუწოდებს“. ამ კონტექსტში მან აშშ და მისი ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ახსენა.
„მტრული სახელმწიფოა ის, ვინც ქვეყანას მოუწოდებს მშვიდობის ნაცვლად ომში ჩართვას. ვინ არ მოგვიწოდა, დაწყებული უკრაინიდან… ხომ იცით ინციდენტი, რაც ამერიკის ელჩმა [კელი დეგნანი] განახორციელა პრემიერთან ფეხების ბრახუნით. ამერიკის ელჩს რომ არ იბარებენ დაკითხვაზე, არ ნიშნავს იმას, რომ მისი ეს ქმედება კანონიერი იყო. ის [კელი დეგნანი] ეხმარებოდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. ის, რომ მისი ქვეყნის ინტერესებში შედიოდა, რომ აქ ომი ყოფილიყო, არ არის პარტნიორული ურთიერთობა, ეს არის მტრული დამოკიდებულება.
ჩემი მიზანია, ქვეყანაში გაჩნდეს რეალური ოპოზიცია. ის კრიმინალები, ვისაც ოპოზიციის სახელით ოკუპირებული აქვს ოპოზიციური ველი და ამის გამო ვერ ხორციელდება რეალური ოპოზიციის გაჩენა, უნდა ჩამოშორდნენ ოპოზიციას“, – თქვა ნანა კაკაბაძემ.
მან ასევე თქვა, რომ მისი „მიზანია, ქვეყანაში გაჩნდეს რეალური ოპოზიცია.
„კრიმინალები, ვისაც ოკუპირებული აქვთ ოპოზიციური ველი, უნდა ჩამოშორდნენ ოპოზიციას – ხელისუფლების დამხობის მოწოდებები და ლობირება დასანქცირებაზე პოლიტიკის მიღმაა და კრიმინალს მოიცავს“, – თქვა კაკაბაძემ.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თქვა:
„ე.წ. „ნეიტრალური საქართველოს“ ხალხი ყვება, რომ არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ პოლიტიკოსები, მედიაც, არასამთავრობო ორგანიზაციები, რუსთაველზე ვინც დგას და ზოგადად, ეს არის გაშლილი ქსელი. ამბობენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც რუსთაველზე ხდებოდა, ეგ იყო კონსტიტუციური წესრიგის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ამას USAID-ის გავლით აკეთებდა და რომ ეს ფული ჩვენთან მოდიოდა და ჩვენ ვაფინანსებდით.
მტკიცებულებები არის, რომ „ილონ მასკმა თქვა, რომ USAID-ი ცუდ რაღაცებს აკეთებდა“ და ეს არის მტკიცებულება… დავაკონკრეტებინე, რომ იმას ამბობ, რომ აქ გადატრიალებას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო აწყობდათქო? და კიო.
მართლა არ ვიცი [რას ემსახურებიან]. აქ ხომ ფორმატი არ არის, რომ პროკურორს ჰკითხო: „ესენი რასაც ბოდავენ, ბრალის ნაწილია და მაგიტომ ვსხედვართ?“ ამ კითხვას გასმევინებენ კი არა მოსამართლე ჩაქუჩს იქნევს… ჩემს გარდა ყველამ მგონი 2-2 შენიშვნა მიიღო.
რა კითხვა უნდა დამესვა [ვატო შაქარიშვილისთვის]? ამას რომ ჰყვება ადამიანი, რაც მე გითხარით, რა კითხვა უნდა დავუსვა? მე რაც მოგიყევით, იმას რომ ამბობს ადამიანი, ჩემი აზრით, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევია რა სჭირს. რა უნდა ვკითხო: მართლა გჯერა, ვატო, ამ ბოდვის-თქო? ამას ხომ არ ვკითხავ?“ – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
პროკურატურამ 8 პოლიტიკოსს – ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალდება 2025 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა.
სასამართლოში სხდომები მედიისა და საზოგადოებისთვის დახურულია.
დაახლოებით ერთი თვის წინ დაჩქარდა საქმის განხილვაც. თავდაპირველად შეთანხმებული განრიგით, სხდომები თვეში ერთხელ უნდა გაემართათ, პროკურატურის შუამდგომლობით კი ივნისიდან სხდომები კვირაში ორჯერ დანიშნეს.
პროკურატურამ არგუმენტად „სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება“ დაასახელა.
ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება სწრაფ მართლმსაჯულებას არ უკავშირდება და პოლიტიკური სარჩული აქვს.
ამ ეტაპზე სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებებს იკვლევს. რა ჩვენებებს აძლევენ მოწმეები პოლიტიკოსების წინააღმდეგ – დახურული სხდომების შინაარსს საზოგადოება მხარეების მიერ პროცესიდან გამოტანილი ინფორმაციით იგებს.
ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. მათი თქმით, საქმეში დევს პოლიტიკოსთა პოლიტიკური განცხადებები და სასამართლოში მოწმეები ამბობენ, რომ ბრალდებულთა ჟესტიკულაციით დარჩათ აღქმა, რომ ისინი მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდნენ. ადვოკატებმა საქმეს „ჟესტების საქმეც“ უწოდეს.
ისინი მოელიან, რომ ამ ტემპით ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უკვე განაჩენი დადგება.
მასალა განახლებულია