საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ თუ პროკურატურა ღარიბაშვილის საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიებას არ დაიწყებს, მაშინ დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურას არავითარი სურვილი არ აქვს გამოძიების დაწყების. მათ უნდათ, ფორმალურად აჩვენონ საზოგადოებას, რომ თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს არ სურს თანამშრომლობა გამოძიებასთან.
სინამდვილეში, საქმე არის პირიქით – ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მას სურს საგამოძიებოსთან თანამშრომლობა, ოღონდ კანონის ჩარჩოებში და კანონის მიხედვით.
დაველოდებით გენერალური პროკურატურიდან პასუხს, გავიგებთ, ვის გადაეგზავნება ეს განცხადება, რომელიც გუშინ შევიტანეთ და თუ პასუხს არ გაგვცემენ და არ დაიწყებენ გამოძიებას, უკვე გადავწყვეტთ, რომ გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი, რაც იქნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვა“, – ამბობს „TV პირველთან“ კომენტარში ადვოკატი.
სოსო ბარათაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლები გასაუბრებას „გავრცელებული პრაქტიკით ხსნიან”, კანონმდებლობა მას არ ითვალისწინებს და იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიება დაიწყება, ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა, „ჩვენება მაგისტრატ მოსამართლესთან” მისცეს.
16 ნოემბერს პროკურატურამ განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებები დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავს და გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
როგორც უწყება განმარტავს, პროკურატურას წერილით ორი ბმული მიაწოდეს. ესენია:
- ადვოკატის, იოსებ ბარათაშვილის მიერ 2 ნოემბერს მედიასთან გაკეთებული კომენტარი, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით;
- ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 9 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, რომელსაც ის მიიჩნევდა არაკანონიერად.
მათივე თქმით, ვინაიდან ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია იყო ზოგადი და არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, 16 ნოემბერს, გამომძიებელი შეხვედრას აპირებდა ღარიბაშვილთან „გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე”.
ირაკლი ღრიბაშვილი ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ სავარაუდო შანტაჟზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და პოლიტიკურ დევნაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
9 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში ის წერს, რომ მოსამართლეს მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ აცნობა.
„დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას.
აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას. მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს.” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ის ამბობს, რომ 17 აგვისტოს საჯაროდ გამოაქვეყნა ხელისუფლებისგან მიღებული წერილი, რომელსაც შანტაჟის ხასიათი ჰქონდა და შეიცავდა ულტიმატუმს. მისივე მტკიცებით, ხელისუფლებამ წერილში მითითებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემდეგ მას „აბსურდული“ ბრალი წარუდგინა, პროკურატურას კი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, გამოძიება არ დაუწყია.
„შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები. სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე“, – წერდა ირაკლი ღარიბაშვილი.