„ჩემი პროცესის დახურვა „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი სასამართლო პროცესების დახურვა „ხელისუფლების მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებაა“.

მისი შეფასებით, ეს „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი“ და „პოლიტიკური დევნაა“.

ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნასა და მასზე განხორციელებული „ფსიქოლოგიური ტერორისა თუ შანტაჟის ფაქტების დამალვას ემსახურება“.

„ეს არის „კენგურუს სასამართლოს” კლასიკური ნიმუში“ – წერს ღარიბაშვილი და „ქართულ ოცნებას“ ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს.

ირაკლი ღარიბაშვილის წერილს სრულად გთავაზობთ:

„2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი საქმის არსებითი განხილვა, სადაც მსურდა, საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და ჩემი სასამართლო სხდომები სრულად დახურა.

სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში განიხილებოდა, წარმოადგენს დისკრიმინაციას, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებასა და მართლმსაჯულების საჯაროობის ფუნდამენტური პრინციპის უხეშ დარღვევას.

ხელისუფლების მოტივი სასაცილო და უსაფუძვლოა. ეს არის ორმაგი სტანდარტის მკაფიო დასტური: ერთსა და იმავე კონტექსტთან ან მსგავს ბრალდებებთან დაკავშირებული სხვა პირების საქმეები, ჩვეულებრივ, ღია რეჟიმში განიხილებოდა, ხოლო ჩემი პროცესი დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურა გამოიყენება არა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, არამედ შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტად. ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი და საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნის მცდელობა.

სასამართლო პროცესის დახურვა მიზნად ისახავს იმის დამალვას, თუ როგორ იკვეთება ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესები, ზეწოლის მექანიზმები და ფაბრიკაციები. როდესაც პროცესი იხურება, იხსნება საზოგადოებრივი და მედიაკონტროლი, რაც საშუალებას იძლევა, დაიმალოს სისტემური მანკიერებები და ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება.

ეს არის პოლიტიკური იზოლაციის ნათელი მაგალითი, რომლის მიზანია პოლიტიკური ფიგურის სრული იზოლაცია, მისი ხმის ჩახშობა და პროცესის ისეთ ფორმატში გადაყვანა, სადაც სიმართლე საჯარო სივრცეში ვერ გამჟღავნდება.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, რომ პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს. მე კი მინდა განვაცხადო, რომ არაფერი მაქვს დასამალი. შესაბამისად, ვითხოვდი პროცესის გახსნას და „სინათლეს“.

საერთაშორისო სამართლებრივი და ევროპული სტანდარტების მიხედვით, როდესაც სასამართლო სხდომების დახურვა ემსახურება არა ობიექტურ აუცილებლობას, არამედ პოლიტიკური პროცესების დამალვას, ეს კონვენციის ფუნდამენტური დარღვევაა.

ამასთან, დახურული, არასაჯარო და შერჩევითი სასამართლო პროცესები წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს იმისა, რომ საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლის ჩვეულებრივ დანაშაულთან, არამედ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან.

დახურულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ვაცნობე ჩემს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა და კომბინირებული დანაშაულის შესახებ, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, იძულებასა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას.

აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6 და მე-18 მუხლების ერთობლივ უმძიმეს დარღვევას. მთელი ეს პროცესი სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს და წარმოადგენს მართული პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკურ მაგალითს.

ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და უმძიმესი დანაშაულის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს სოციალური ქსელის მეშვეობით გავაკეთე, როდესაც გამოვაქვეყნე ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი წერილი. მას შემდეგ ველოდებოდი ხელისუფლების რეაგირებას – გამოძიების დაწყებას, რაც დღემდე არ მომხდარა. აქვე შეგახსენებთ, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურატურა ვალდებული იყო, დაეწყო გამოძიება.

როდესაც პროკურატურამ და სასამართლომ იცოდნენ შანტაჟისა და წერილის შესახებ, მაგრამ ეს გარემოებები არათუ გამოიძიეს, არამედ, პირიქით, წერილში მითითებული ულტიმატუმის მიხედვით წამიყენეს ახალი, აბსურდული ბრალი, ხოლო შემდეგ დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის მხარეს სასამართლოში არ მიეცა უფლება, წარედგინა საკვანძო მტკიცებულება – შანტაჟის წერილი. ამასთან, დაცვის მხარეს ეზღუდება გარკვეულ საქმის მასალებზე წვდომა, რითაც უხეშად ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ასეთ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია – ის „კენგურუს სასამართლოს“ (ფიქტიური მართლმსაჯულების) კლასიკური ნიმუშია.

შეჯამების სახით მსურს განვაცხადო, რომ სასამართლო პროცესის დახურვა პირდაპირ თავსდება იმავე სქემაში, რომლის შესახებაც აქამდე ვაცნობე საზოგადოებას: ციხეში ზეწოლა და შანტაჟი, მტკიცებულების (წერილის) იგნორირება, საქმის მასალების გადმოცემაზე უარის თქმა და, ბოლოს, პროცესის საზოგადოებისგან დამალვა – მისი დახურვა – ეს ყველაფერი ერთიანი, მიზანმიმართული პროცესია, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს და სრულად ატარებს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ხასიათს“, – წერს ღარიბაშვილი.


2 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.

მჭედლიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პროცესი დახურა.

პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა დააყენა სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობა. მან თქვა, რომ საკითხი ეხება ყოფილი პრემიერის მიერ ქრთამის აღების ბრალდებას, თავდაცვის სამინისტროს, საჭიროებს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვას და ა.შ. ამიტომ მისი მტკიცებით, სხდომის დახურვა აუცილებელია.

შუამდგომლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ადვოკატები.

თავად ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „ვეწინააღმდეგი ამ შუამდგომლობას, მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და მნიშვნელოვანია პროცესი ჩატარდეს გამჭვირვალედ, და საზოგადოებამ დაინახოს რას ეხება პროცესი“.

საბოლოოდ, თამარ მჭედლიშვილმა პროცესი დახურა. არსებითი განხილვის ეტაპზე დახურული სხდომა განაჩენის დღემდე დახურული დარჩება, თუ მოსამართლე შუამდგომლობის საფუძველზე ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.


პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

პროკურატურის ვერსიით, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას დანაშაულებრივ საქმიანობაში მფარველობას დაჰპირდა და სანაცვლოდ ქრთამის სახით ჯამში 750 000 ლარი მიიღო.

გამოძიებასთან ითანამშრომლეს ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, ვასილ მხეიძემ. მოგვიანებით პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ბურჭულაძეს, რომელიც პირველ ინსტანციაში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, 10-წლიანი ციხის სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა.

ბრალდებას არ ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი და თავს პოლიტიკური დევნის სამიზნედ მიიჩნევს.