აფგან მუხთარლიმ ვერ მოახერხა საქართველოში გამომგზავრება - ადვოკატი

პუბლიკა

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც გუშინ ამბობდა, რომ დღევანდელ დღეს თბილისში ბრუნდებოდა, საქართველოში გამომგზავრება ვერ შეძლო – ამის შესახებ „პუბლიკას“ მისმა ადვოკატმა განუცხადა.

„თავდაპირველად, როგორც აფგანმა მითხრა, მან საქართველოს ავიახაზების წარმომადგენელმა გერმანიაში განუცხადა, რომ დოკუმენტაცია არ ჰქონდა წესრიგში. მოგვიანებით მანვე განუცხადა, რომ თითქოს აფგანის ბარათს ჰქონდა რამე პრობლემა. ხოლო საბოლოოდ, ჟურნალისტს უთხრეს, რომ კორონარეგულაციების გამო ვერ დაჯდებოდა რეისზე და მან ვერ მოახერხა საქართველოში გამომგზავრება“, – აღნიშნა ადვოკატმა.

აეროპორტში შექმნილ შეფერხებებზე Facebook-ზე წერს თავად მუხთარლი.

„საქართველოს ავიახაზები და საკონსულო დაბრკოლებებს ქმნიან – ამბობენ, რომ საბუთები წესრიგში არ მაქვს – რაც სიცრუეა. როგორც ჩანს, იციან, რომ ჩამოვდივარ და ცდილობენ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე“, – ამბობს მუხთარლი.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“, სადაც კომპანია აღნიშნავდა, რომ პანდემიის პირობებში, ნებისმიერი ავიაკომპანია ოპერირებს სპეციალური რეგულაციებით, რომელიც დადგენილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სახელმწიფოების მიერ.

„საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო, თუ რატომ ეთქვა უარი აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ტრანსპორტირებაზე, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში“, – წერია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში.

მათივე ანცხადებით, აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, მათი თქმით, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მომსახურებოდა მას.


მუხთარლი გუშინ facebookზე წერდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პროკურატურაში ჩვენების მიცემას გეგმავდა. „პუბლიკასთან“ მისი ადვოკატი განმარტავს:

„პროკურატურისგან ჩვენ გვაქვს მიღებული წერილი 7 აგვისტოს, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ გვაცნობა, რომ მის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, მუხთარლი დაიკითხება და ჩატარდება სხვა საგამოძიებო  მოქმედებები მის მიმართ. შესაბამისად აღნიშნული ნიშნავს, რომ ის უნდა ყოფილიყო დაკითხული პროკურატურაში. სამწუხაროდ ვერ მოახერხა ჩამოსვლა“, – ამბობს ადვოკატი.

პროკურატირაში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მათივე ცნობით, აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის 1 ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.