მას შემდეგ, რაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ნამოხვანში პროტესტის გასაგრძელებლად ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ლოკაციებზე უარი განაცხადეს, პროცესი წინ აღარ წასულა, – რა ეტაპზეა ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი? – ამ შეკითხვით „პუბლიკამ“ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტს ვარლამ გოლეთიანს მიმართა.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მედიაციის დასაწყებად „რიონის ხეობის მცველებს“ რამდენიმე წინაპირობა ჰქონდათ. მათ შორის იყო გუმათჰესთან არსებული რკინის ბარიკადების აღება და პროტესტის სოფელ ნამოხვანში დაბრუნება. პოლიციამ გუმათჰესთან ბარიკადები 17 ივნისს აიღო, თუმცა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს არ ეძლევათ საშუალება, რომ დაუბრუნდნენ „ნამოხვანის კარვების“ ადგილს.
20 ივნისს აქტივისტებმა სოფელ ნამოხვანში ალტერნატიული ტერიტორიები მოინახულეს, რომელსაც მათ პროტესტის გასამართად ხელისუფლება სთავაზობდა. გოლეთიანმა განაცხადა, რომ პროტესტის გაგრძელებისთვის შეთავაზებული ალტერნატიული ლოკაციები შეუსაბამოა.
„ბოლოს ვერ შევთანხმდით ლოკაციებზე იმიტომ, რომ პრაქტიკულად, დადგომა არსად არ შეიძლება, მერე მათი მხრიდან აღარ ყოფილა კომუნიკაცია და ვართ ამ ეტაპზე გაჭედილი. ჯერჯერობით საკითხი ისევ უნდა გავიაროთ მედიატორთან ერთად“, – ამბობს გოლეთიანი.
როგორც აქტივისტი ამბობს, მედიატორთან მომავალი შეხვედრის თარიღი ცნობილი არ არის. გოლეთიანის თქმით, ისინი ამ შეხვედრას იმისთვის ელოდებიან, რომ „მიმდინარე პროცესი ყველა მხარემ შეაფასოს“.
„[ბოლო შეხვედრის შემდეგ] რაღაც პირობები დავუყენეთ [ხელისუფლებას] ლოკაციებთან დაკავშირებით და მერე აღარ შემოგვეხმიანენ. კონკრეტულად ჩვენ ვუთხარით – მაგ. ერთ ადგილზე თუ დავდგებით იქ, რაღაც გარანტია უნდა გვქონდეს და კარგიო. მერე წავიდნენ და აღარ შეგვხმიანებიან“, – ამბობს გოლეთიანი.
ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პროტესტის ტერიტორიად მხოლოდ სოფელი გუმათი რჩება და გუმათჰესთან მყოფი აქტივისტები გზას ისევ კეტავენ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA-ს მანქანებისთვის. გოლეთიანი აღნიშნავს, რომ დანარჩენ ექვს ლოკაციაზე პროტესტი დროებით შეჩერებულია.
„ამ ეტაპზე მარტო აქ ვართ იმიტომ, რომ ახლა სამუშაო რეალურად შეჩერებულია, არ მუშაობენ თვითონ და ამის აუცილებლობა არ დგას“ – ამბობს გოლეთიანი.
„პუბლიკამ“ შეკითხვებით მიმართა ეკონომიკის სამინისტროსაც. სამინისტროში გვითხრეს, რომ მათთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ არის შეთავაზებული ლოკაციები „რიონის ხეობის მცველებისთვის” მისაღები:
„სახელმწიფო მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში ჩართული ყველა მხარის უფლება, მათ შორის, რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება – ამის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ლოკაციებიც კი შესთავაზა ხელისუფლებამ იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ ხეობაში ჰესის მშენებლობას და სრულიად გაუგებარია, რატომ არ არის ეს შეთავაზება მათთვის მისაღები, ან რა არგუმენტები გააჩნიათ ამის საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მიმდინარეობს მედიაციის პროცესი, შესაბამისად, ზემოთნახსენებ თემაზე მათთვის მიწოდებული გვაქვს სრული ინფორმაცია და ველოდებით მედიატორის მოსაზრებებს“, – გვითხრეს სამინისტროში.