აღმაშენებლის შესახებ ფილმზე კონკურსის II ეტაპის შედეგები ცნობილია

პუბლიკა

კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება“ – მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე გამარჯვებული პროექტები რეჟისორების, ისტორიკოსებისა და მწერლებისაგან დაკომპლექტებულმა შვიდკაციანმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს სულ ათმა კონკურსანტმა მიმართა და ამ ათიდან შეირჩა პირველ ეტაპზე გამარჯვებული პროექტები. ესენია:

1. „დავით აღმაშენებელი“, განმახორციელებელი – შპს „კინო იბერიკა“ (LTD KINO IBERICA), რეჟისორი და სცენარის ავტორი ლევან კოღუაშვილი

2. „დავით აღმაშენებელი“, განმახორციელებელი – შპს Film Asylum, პროდიუსერები – ვაკო კირკიტაძე, ნიკა გუგუშვილი, მარინა ბესპალოვა, სერგეი ბესპალოვი.

3. „დიდგორი“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ფონდი „სიყვარულის მატარებელი“, რეჟისორი – დავით გურგულია, პროდიუსერი – გიორგი გურგულია, სცენარის ავტორები – დავით გურგულია, გიორგი გურგულია.

„კონკურსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიიღო რეკომენდაცია, რომელიც კონკურსანტებისთვის სამუშაოდ მეტი დროის მიცემას ითვალისწინებს. რეკომენდაციის საფუძველზე, კონკურსანტების მიერ დეტალური სცენარის დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენთი) სამინისტროში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1-ელ თებერვლამდე, ნაცვლად მანამდე დადგენილი 2021 წლის 25 დეკემბრისა“, – აცხადებს სამინისტრო.


საქართველოს კულტურის სამინისტრომ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსი – „დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება“ 12 აგვისტოს გამოაცხადა. სცენარის შექმნისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ:
ა) სცენარის სინოფსისი, მაქსიმუმ 3 გვერდამდე;
ბ) რეჟისორის ხედვა;
გ) პროდიუსერის ხედვა, სადაც სავალდებულო იყო, რომ მთავარი აქცენტი გაკეთებულიყო ფილმის საწარმოო ასპექტებზე.

სამინისტროს განცხადებით, „ავტორი თავისუფალია შემოქმედებით არჩევანში; მას მხოლოდ მოეთხოვება, რომ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად ჩანდეს მომავალი ფილმის ვიზუალური ხედვა“.

უწყება აცხადებს, რომ კონკურსის მესამე ეტაპზე, სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის ჩაბარების შემდეგ, კომისია 15 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სცენარს. კომისიის მსჯელობის შემდეგ და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კონკურსანტს მიეცემა ერთთვიანი ვადა სრულყოფილი სცენარის დაწერისათვის. მოცემული სამუშაო დაფინანსდება 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.