ახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე ოპოზიცია „რესპუბლიკელების" იდეას არ გაიზიარებს

პუბლიკა

„რესპუბლიკელების“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მმართველი გუნდი უბარიერო პროპორციული სისტემის კანონპროექტს დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია პარლამენტში ერთჯერადად მივლენ და კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, ეხმაურება  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

მისი თქმით, პარტია ნებისმიერი საკითხის მხარდასაჭერად მზადაა, თუ ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში იქნება განხილული. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში ეს ემსგავსება მოსყიდვას.

„ნებისმიერი საკითხი, იქნება ეს პარტიებისთვის ბუნებრივი ბარიერის დაწესება, საარჩევნო კომისიის რეფორმა თუ საარჩევნო კოდექსის ცვლილება, მხარდაჭერილი იქნება ჩვენი მხრიდან, ოღონდ ეს უნდა იყოს კონტექსტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია ეს ემსგავსება ცალკეული პარტიის ან პოლიტიკოსის მოსყიდვას ცალკეული პირობით, ამიტომ ჩვენთვის მთავარი გამაერთიანებელი არის ვადამდელ ისაპარლამენტო არჩევნები “, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, მათი პოზიცია უცვლელია – მოითხოვენ ახალ არჩევნებს ახალი საარჩევნო სისტემით და ახალი წესებით, ასევე ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

„ეს არის ის 3 საკვანძო საკითხი, რომელთა მოგვარების გარეშე შეუძლებელი იქნება ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურება და წინ ნაბიჯის გადადგმა. ამ მოთხოვნებს უცვლელად ვტოვებთ, ეს არის საერთო ოპოზიციური მოთხოვნა და ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე ქვეყანაში კრიზისი ვერ განიმუხტება“, – განაცხადა კიკნაველიძემ.

„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მისი პარტიისთვის მეტად მნიშვნელოვანია ახალ არჩევნებზე შეთანხმება, ამიტომნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაში მუშაობად შეიძლება აღიქმებოდეს, მხარს არ დაუჭერენ.

„გასაგებია, რომ ზოგიერთი პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 0%-იანი ბარიერების არსებობა. თუმცა, ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ამოცანად მიგვაჩნია ბოიკოტის შენარჩუნება და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა და ზუსტად ამიტომ, ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაში მუშაობად შეიძლება აღიქმებოდეს, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

კოლეგების მსგავს პოზიციაზეა „სტრატეგია აღმაშენებელიც“.

„ქართული ოცნება“ არ გამოსულა მსგავსი წინადადებით -ეს ერთი. ისევე, როგორც ბევრი სხვა წინადადებით და სამწუხაროდ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, როგორიც, ვთქვათ, ელისაშვილმა (დაუშვა) ან „გირჩი“ უშვებს. საკითხი არის საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილი. ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებაში 20-მდე სხვადასხვა საკითხი შედის და ამ ლოგიკით, ყველა საკითხზე ცალ-ცალკე შევა ქ-ნ ხათუნა და გამოვა, შევა-გამოვა, შევა-გამოვა. ეს ხო, ნუ, არასერიოზულია.. ამიტომ უნდა მოხდეს შეთანხმება მთლიანად, წინადადებების პაკეტზე. თუ ამ პაკეტზე შეთანხმება შედგება მაშინ – კიბატონო : არამარტო რესპუბლიკირი პარტია, სხვებიც შევლენ და ხმას მისცემენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.


საარჩევნო ბლოკ „ენმ – ძალა ერთობაშიას“ პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია პარლამენტში მივლენ და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ.

„ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას,  დარჩენას. ეს ნიშნავს ხელის მიჭერას, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი”, – განაცხადა მან.


8 თებერვალს მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბარიერის დაწევის საკითხს 0-დან 3%-მდე ფარგლებში განიხილავს, რაც მემორანდუმით აღებული ვალდებულებაცაა. მისი თქმით, „ქართული ოცნება” მათ შორის მზადაა, განიხილოს უბარიერო სისტემასაც.