თუ დაარეგისტრირებენ უბარიერო სისტემას, „რესპუბლიკელები“ კენჭისყრაში მონაწილეობას მივიღებთ - სამნიძე

პუბლიკა

საარჩევნო ბლოკ „ენმ – ძალა ერთობაშიას“ პარტიული სიით არჩეულმა პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია პარლამენტში მივლენ და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ. ამის შესახებ სამნიძემ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„თუ ის ბედავს [„ქართული ოცნება”], სთავაზობს და მზად არის, შემოგვთავაზოს ჩვენ უბარიერო პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს 3 მოსმენით, მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. მე ამას აქ ვამბობ პირველად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოპოზიციური კოლეგები გაითვალისწინებენ ამ რეალობას, რომ ამით ჩვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუტიოთ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე განმარტებით, „რესპუბლიკელების” 2 დეპუტატი პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობით გეგმავს.

„ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას,  დარჩენას. ეს ნიშნავს ხელის მიჭერას, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი”, – განაცხადა მან. 

მისი თქმით, „ქართული ოცნება” ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას წინაპირობებით არ უნდა ელაპარაკებოდეს – რომ ისინი მზად არიან ისაუბრონ პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში თუ სხვა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ.


8 თებერვალს მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მმართველი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბარიერის დაწევის საკითხს 0-დან 3%-მდე ფარგლებში განიხილავს, რაც მემორანდუმით აღებული ვალდებულებაცაა. მისი თქმით, „ქართული ოცნება” მათ შორის მზადაა, განიხილოს უბარიერო სისტემასაც.