„ახალი ბრძანებით არაფერი იცვლება ან იცვლება უარესობისკენ" - სტუდენტები მორიგ აქციას ხვალ გამართავენ

პუბლიკა

თსუ-ის სტუდენტური მოძრაობა კიდევ ერთი განცხადებით ეხმაურება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას 13 მაისიდან სწავლის ჰიბრიდული რეჟიმით გაგრძელებაზე და ამბობს, რომ „რეალურად, ამ ბრძანების საფუძველზე არაფერი იცვლება ან იცვლება უარესობისკენ”.

სტუდენტები ამბობენ, რომ თავს კვლავ მოტყუებულად და შეურაცხყოფილად გრძნობენ, და რომ რექტორმა მათ „გადაუგდო ბრძანება, რომელიც პრობლემის მოგვარების ნაცვლად ახალ-ახალ პრობლემებს აჩენს”.

სტუდენტური მოძრაობა ხვალ, 13 მაისს 5 საათზე მორიგ აქციას აანონსებს.

… „შეცვალა რექტორმა თავისი ბრძანება და ფაკულტეტებს ნება დართო სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაესრულებინათ, მაგრამ… აქ იწყება ყველაზე მთავარი.

თვითონ უნდა გადაეწყვიტათ, როგორ და რომელ კომპონენტებში გააკეთებდნენ ამას. ეკონომიკის და ბიზნესის დეკანმა განაცხადა, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდებოდა, ფსიქოლოგიის დეკანმა გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივით ისარგებლა და სწავლას სრულად აუდიტორიაში აგრძელებს, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ჰუმანიტარულმა ფაკულტეტმაც.

რეალურად ამ ბრძანების საფუძველზე არაფერი იცვლება ან იცვლება უარესობისკენ. უნივერსიტეტში სუფევს სრული ქაოსი და განუკითხაობა. ეს ყველაფერი კი სტუდენტთა დაპირისპირებას იწვევს. ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ მოტყუებული და შეურაცხყოფილი, რექტორმა გადმოგვივგდო ბრძანება, რომელიც პრობლემის მოგვარების ნაცვლად ახალ-ახალ პრობლემებს აჩენს…

…ბრძოლა სხვა, უფრო აქტიურ ფაზაში გადადის !

ჩვენ არ ვითხოვთ ონლაინ რეჟიმს!

თუ უნივერსიტეტი ვერ ასწრებს ჰიბრიდული რეჟიმის უზრუნველყოფას 13 მაისიდან, რაც მისი მხრიდან კიდევ ერთი წინდაუხედავი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო, უნდა აიღოს აკადემიური კვირა და მოაგვაროს ტექნიკური თუ ლოჯისტიკური დეტალები. აბსოლუტურად ყველა ლექტორს უნდა აუნაზღაურდეს ზედმეტად გაწეული შრომა!…

მოდი ხვალ 5 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციაზე.

ჩვენ არ მოვტყუვდებით, ყველაფერი ახლა იწყება!”, – ნათქვამია განცხადებაში.