სტუდენტური მოძრაობა: ვრჩებით თსუ-ის შენობაში, სანამ ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, 13 მაისიდან სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმში გადასვლაზე თსუ-ის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურებიან.

როგორც მათ განცხადებაში წერია, რექტორის ბრძანების ახალი რედაქცია ერთი მხრივ, ჰიბრიდული სწავლების უზრუნველყოფას გულისხმობს, თუმცა გამოცდების შემოთავაზებული ფორმატი არის სრულად სააუდიტორიო. რაც მათთვის მიუღებელია, რადგან „ეს წარმოქმნის ხარჯებს, რაც მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, შეუძლებელს გახდის ფინალურ გამოცდებზე დასწრებას.“

განცხადების მიხედვით, სტუდენტები თსუ-ის პირველი კორპუსის შენობაში რჩებიან, სანამ უნივერსიტეტი არ დააკმაყოფილებს მათ ყველა მოთხოვნას, მათ შორის გამოცდების ჰიბრიდული ფორმატით ჩატარებაზე.

გთავაზობთ სტუდენტური მოძრაობის განცხადებას უცვლელად:

„სტუდენტური მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის” უკვე მთელი თვეა აპროტესტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის- 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრის სააუდიტორიო სწავლებით დასრულების გადაწყვეტილებას.

2022 წლის 11 მაისს გაიმართა შეხვედრა რექტორთან, სადაც გაჟღერდა მოთხოვნები:

1. ჰიბრიდული სწავლებისა და გამოცდების ორგანიზება.

2. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა.

3. ხარჯების გამჭვირვალობა.

4. უნივერსიტეტისათვის სტუდენტის პრიორიტეტულობა.

რექტორთან შეხვედრის შედეგად ბრძანება ახალი რედაქციით მივიღეთ, რომელიც, ერთი მხრივ, ჰიბრიდული სწავლების უზრუნველყოფას გულისხმობდა, თუმცა გამოცდების შემოთავაზებული ფორმატი არის სრულად სააუდიტორიო.

ეს წარმოქმნის ხარჯებს, რაც მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, შეუძლებელს გახდის ფინალურ გამოცდებზე დასწრებას. რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტს მოუწევს ტრანსპორტირების გაზრდილ გადასახადთან გამკლავება, ასევე ბინის 1 თვით ქირაობა, ვინაიდან გამოცდები სწორედ ერთთვიან პერიოდს მოიცავს.

ასევე საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი პასუხი არ მიგვიღია, ისევე, როგორც ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. სტუდენტები ვრჩებით თსუ-ის პირველი კორპუსის შენობაში, სანამ უნივერსიტეტი არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, მათ შორის გამოცდების ჰიბრიდული ფორმატით ჩატარებას!”, – ნათქვამია განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile