„13 მაისიდან სწავლა შერეულ ფორმატში წარიმართება“ - თსუ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება.

განცხადების მიხედვით, შესაბამისი ცვლილება შევიდა სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში.

„რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

სტუდენტური მოძრაობა უკვე გამოეხმაურა განცხადებით ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას. 

განცხადების მიხედვით, რექტორის ბრძანების ახალი რედაქცია ერთი მხრივ, ჰიბრიდული სწავლების უზრუნველყოფას გულისხმობდა, თუმცა გამოცდების შემოთავაზებული ფორმატი არის სრულად სააუდიტორიო. რაც მათთვის მიუღებელია, რადგან „ეს წარმოქმნის ხარჯებს, რაც მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, შეუძლებელს გახდის ფინალურ გამოცდებზე დასწრებას.“

————————————————————

თსუ-ში 2 მაისიდან (ანუ დარჩენილი ნახევარი სემესტრი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიაში გადავიდა.

სტუდენტები მოითხოვენ, რომ დარჩენილ პერიოდშიც იყოს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, დისტანციურად ისწავლონ, ვინაიდან აუდიტორიაში დაბრუნება ბევრისთვის უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ ბარიერთანაა დაკავშირებული, რომლის მოგვარებაც სტუდენტებისთვის მიცემულ პერიოდში ვერ მოხდება. მათი თქმით, რეგიონში მცხოვრები სტუდენტები 2 თვის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, აწყდებიან ბევრ ბარიერს გაძვირებული ქირის გამო. 2

სტუდენტები დღის წესრიგში ასევე აყენებენ უნივერსიტეტში საბინაო პოლიტიკის მოგვარების საკითხსაც.

უნივერსიტეტის განცხადებით, კი სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რადგან, მათი თქმით, ვერანაირი სხვა ფორმატი – ვერც სრულად დისტანციური და ვერც ჰიბრიდული – ვერ იძლევა სწავლა-სწავლების საჭირო ხარისხს.