„ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არა?“ – ინაშვილი პროპორციულ სისტემაზე

პუბლიკა

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს განიხილავენ.

„ქართული ოცნების” მაჟორიტარების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებენ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობას.

სხდომაზე ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა „პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ირმა ინაშვილმა. მისი თქმით, „ქართული ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების ჩაგდებას გეგმავს.

„მე მგონი, აქ არავინ არის პატარა ბავშვი და არც არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, თუმცა რეალობა იმდენად მძიმეა, რომ არ შემიძლია, რამდენიმე შეკითხვა არ დაგისვათ. აქვს თუ არა ადგილი პოლიტიკურ მელაკუდობას ? ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი, თუ არ უნდა ჩააგდოთ? ნუ გვეთამაშებით და ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს. აი, რომ ჩააგდებთ ახლა და ჯგუფ- ჯგუფად რომ გადიხართ და ერთმანეთში საუბრობთ, მანამდე არ განიხილეთ ერთმანეთში? შეჯერებული არ უნდა გქონოდათ პოზიციები? ჩვენ ვეთანხმებით და თქვენ ოპონირებას უწევთ, რომ, თურმე, არ გინდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, მზად ხართ იმ პროცესებისთვის, რაც ქუჩაში განვითარდება? მე მერე ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში. ამისთვის მზად ხართ? ჩვენი ვალია, დემოკრატია დავიცვათ და თქვენ გინდათ, რომ ეს ქართული დემოკრატია გამოგვტაცოთ ხელიდან. დაანებეთ მელაკუდობას თავი, თორემ ცოტა ხანში ყველა გავალთ გარეთ“, – მიმართა ირმა ინაშვილმა ირაკლი კობახიძეს და უმრავლესობის წევრებს.