„ახლობელთან ვიყავი“ | კაცი, რომელსაც ეძებდნენ, საკრებულოს სხდომაზე მივიდა

პუბლიკა

დმანისის საკრებულოს შენობაში ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ. დარბაზში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ 15 დეპუტატი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რამიზ რამაზანოვი, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და სხდომაზე მივიდა. ენმ-ის დანარჩენი 14 დეპუტატი კი ბოიკოტს აგრძელებენ და სხდომაზე არ გამოცხადებულან.

დმანისის საკრებულოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხმები თანაბრადაა გაყოფილი, რის გამოც „ქართული ოცნება“ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას და თავმჯდომარედ საკუთარი წარმომადგენლის არჩევას ვერ ახერხებდა.

რამიზ რამაზანოვი ის დეპუტატია, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ენმ- ის წევრების განცხადებით გაუჩინარებული იყო და მასზე „ქართული ოცნება“ ზეწოლას ახორციელებდა. ის თავისი თანაპარტიელების მსგავსად ბოიკოტს უცხადებდა საკრებულოს და არ დასწრებია 3 დეკემბერს სხდომას, რომელიც ამ ბოიკოტის გამო კვორუმის გარეშე დარჩა და ვერ ჩატარდა. დღევანდელ სხდომაზე კი გადაწყვეტილება შეცვალა და მონაწილეობის მისაღებად მივიდა.

სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასზე არავის უძალადია და გადაწყვიტა საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელოს მუშაობა.

ჟურნალისტების კითხვას – თუ სად იყო ის იმ პერიოდში, როცა მას ახლობლები და ოჯახის წევრები ეძებდნენ – უპასუხა, რომ ახლობელთან იყო. კითხვაზე – რატომ მიიღო გადაწყვეტილება გამიჯვნოდა ოპოზიციის ბოიკოტს – უპასუხა, რომ ასეა საჭირო.

„არცერთი ზეწოლა არ იყო. ასე გადავწყვიტე მე პირადად. მე გადავწყვიტე დამოუკიდებელი დეპუტატი გავხდე საკრებულოში. 1000 კაცმა მომცა ხმა და ვალდებული ვარ. ადამიანი ხომ ფიქრობს და ეს გადაწყვეტილება მივიღე“, – განაცხადა რამიზ რამაზანოვმა.

დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია, რომ ცნონ ახალი საკრებულოს უფლებამოსილება და, სავარაუდოდ, აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარესაც.