სასამართლოსთან აქტივისტები ადმინისტრაციული წესით დააკავეს - ადვოკატის ცნობით, კორძაიას დაზიანებები აქვს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატების ცნობით, მათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან ( 166-ე და 173-ე მუხლები).

ადვოკატებმა ლაშა ტყეშელაძემ და გიორგი ტაბატაძემ დაკავებულები დიღმის იზოლატორში მოინახულეს. ლაშა ტყეშელაძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ალბი კორძაიას აღენიშნება დაზიანებები.

ალბის ხელები აქვს დალურჯებული და გასიებული. როგორც ამბობს, გაუსივდა და დაულურჯდა, როცა ე.წ. ბორკილები ძალიან ჰქონდა შემოჭერილი. სილურჯეები და გასიება თვალნათლივ ჩანს. ასევე მითხრა, რომ მასზე მოხდა ძალადობა, როდესაც აკავებდნენ. წააქციეს და ზემოდან ჩაარტყეს. მითხრა, რომ მიმათრევდნენ მანქანის მხარესო, თმაზეც მომქაჩესო წათრევის დროსო და კისრით წამათრიესო. სანამ დააკავებდნენ, ძირს დავვარდიო, მუხლი დავარტყიო და ეტყობა მუხლზე დაზიანებები, ამ დროს ზემოდან ჩამარტყესო“, – თქვა ლაშა ტყეშელაძემ. 

გიორგი ტაბატაძის თქმით, სალომე კენჭიაშვილს დაზიანებები არ აქვს, მან მიუთითა, რომ დაკავების დროს პოლიციელები უხეშად ექცეოდნენ.