„ალმა“: ბანერების შინაარსთან შეხება არ გვაქვს, თუმცა მიუღებელია მისი კონტენტი

პუბლიკა

კომპანია „ალმა“, რომელიც თბილისში ბანერებს ფლობს, აცხადებს, რომ სარეკლამო ბანერების შინაარსთან შეხება არ აქვთ.

კომპანია ამ განცხადებით გამოეხმაურა ე.წ. „სისხლიან ბანერებს“, რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და რამდენიმე ჟურნალისტის ფოტოა დატანილი, ზედ კი წითელი საღებავით სისხლის შხეფების ასოციაციაა შექმნილი.

„ბოლო ორი დღის მანძილზე ჩვენი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე განთავსებულმა კონკრეტულმა სარეკლამო ბანერებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, გააჩინა გარკვეული კითხვები ჩვენი კომპანიის მიმართ. საკითხში სრული სიცხადის შეტანის მიზნით ვაცხადებთ შემდეგს:

კომპანია “ალმა” ორ ათეულ წელზე მეტია დამკვეთებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ აწარმოონ სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო კამპანია, იღებს და ანთავსებს სარეკლამო ბანერებს კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ “ალმას” არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. “ალმა” ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას.

ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ “ალმამ” დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.

ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი”, – ნათქვამია „ალმას” განცხადებაში.

ბანერები დედაქალაქსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 16 სექტემბრიდან გაჩნდა. გაირკვა, რომ ამ ბანერების გასაკრავად კორონავირუსის აცრის საწინააღმდეგო ბანერებიც კი გადაფარეს. ამასთან დაკავშირებით NCDC-მ განცხადება გაავრცელა და ფაქტი დაგმო. ამას არ მიესალმა არც ჯანდაცვის სამინისტრო.

მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ბანერის გადაფარვა ტექნიკური საკითხია და ვაქცინაციის საწინააღმდეგო შინაარსი ამას არ აქვს.