სარეკლამო კომპანია „ალმა“, დარეგულისრდეს გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსების საკითხი და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართავს.
კომპანია ასევე ითხოვს, რომ რეკლამის გამავრცელებელს მიეცეს შესაძლებლობა ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს მომსახურების გაწევაზე. „ალმას“ გადაწყვეტილებითვე, საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანამდე, კოპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე.
ინფორმაციას საკანონომდებლო წინადადების შესახებ კომპანია თავად ავრცელებს.
„ჩვენი კომპანიის კუთვნილ გარე რეკლამის კონსტრუქციებზე სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო ბანერების გამოჩენას საზოგადოების ნაწილის მხრიდან სამართლიანი და ობიექტური ხასიათის ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ჩვენს მიერ პირველი წუთებიდანვე მრავალგზის იქნა აღნიშნული, ჩვენ სრულიად ვემიჯნებით და ყოველთვის გავემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პოლარიზაციას.
ამასთან, როგორც ამ კონკრეტულ, ისევე ყველა სხვა შემთხვევაში, „ალმას“ როლი იფარგლება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ კომპანია დამკვეთებისგან იღებს კონკრეტული შინაარსისა და ვიზუალის შემცველ სარეკლამო ბანერებს და ათავსებს მათ კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.
ზემოაღნიშნული სარეკლამო ბანერების განთავსებაზე, გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე, ა.წ. 2 ოქტომბერი, შპს „ალმამ“ დაუყოვნებლივ უზრუნველყო აღნიშნული სარეკლამო ვიზუალების ჩამოხსნა და არცერთ შემთხვევაში არ აპირებს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას.
ამას გარდა, ა.წ. 3 ოქტომბერს, ორშაბათს შპს „ალმამ“ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა და მოითხოვა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანა, რამაც უნდა შეზღუდოს გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება და მისცეს შესაძლებლობა რეკლამის გამავრცელებელს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.
იმედს ვიტოვებთ, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ჩვენს, ვფიქრობთ აბსოლუტურად სამართლიან და ობიექტურ ინიციატივას და უახლოეს პერიოდში განახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.
აქვე დავძენთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის და ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის მიერ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, საკანონმდებლო აქტებში ზემოაღნიშნული ცვლილებების შეტანამდე, ჩვენ ცალმხრივად მივიღეთ გადაწყვეტილება და შპს „ალმა“ უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე.
ჩვენ ასევე გააზრებული გვაქვს, რომ კომპანიის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეკლამის დამკვეთის თუ დამკვეთების სამართლებრივად დასაბუთებული პრეტენზია შპს „ალმას“ მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება განაპირობოს სამართლებრივი პროცედურების დაწყება კომპანიის წინააღმდეგ.
თუმცაღა, ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა ნებისმიერ სუბიექტთან მიმართებაში და ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯით ჩვენი მხრიდან მცირე წვლილს შევიტანთ საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებასა და გარე რეკლამის სფეროში ერთხელ და სამუდამოდ ცივილური ურთიერთობის სტანდარტის დამკვიდრებაში“ – ნათქვამია კომპანია „ალმას“ განცხადებაში.
„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, – 17 სექტემბრის ღამით თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. „სისხლიან ბანერებზე” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი. მათ შორის ასევე მოხვდა „ქართული ოცნების” გუნდის ყოფილი ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარიაც. ბანერებზე ასევე გამოსახული იყო მედიის წარმომადგენელთა ( ნოდარ მელაძე, ნიკა გვარამია) სურათებიც.