5 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილე კონსტანტინე მორგოშია ხვალ, ოპოზიციის აქციის პარალელურად მხარდაჭერების მობილიზებას აპირებს. ამის შესახებ კონსტანტინე მორგოშიამ „TV პირველთან“ განაცხადა.
„ნაციონალები“ აპირებენ ხალხის საკმაოდ დიდი მასის მობილიზებას და სხვადასხვა პროვოკაციას, ისეთს, როგორიცაა ადმინისტრაციული შენობების დაკავება და შტურმი. ჩვენ, უბრალოდ, ვიქნებით მობილიზებულები.
რამდენიმე დღეა, გვაქვს კომუნიკაცია. რამდენიმე ათასი კაცია, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში, საათ-ნახევარში შეიძლება, დათქმულ ადგილას გაჩნდეს. ხვალინდელ აქციას მართავს „ნაციონალური მოძრაობა“ და აგრესია იქნება თუ რა იქნება, უნდა ჰკითხოთ მათ“, – განუცხადა კონსტატინე მორგოშიამ „TV პირველს”.
კონსტანტინე მორგოშია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“ გამგეობის ერთ-ერთი წევრია. აღნიშნული ორგანიზაცია დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე და ძალადობრივ პლატფორმა „ალტ-ინფოსთან“.
შესწორება: მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა სათაურით „ალტ-ინფოს“ თქმით, ხვალ ენმ-ის აქციის პარალელურად მხარდამჭერების მობილიზებას გეგმავენ“.