ამ ასაკის ადამიანი გამოგყავს, ამღერებ, ასეთი ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ – გახარია ბუბა კიკაბიძეზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ჟურნალისტმა გიორგი გახარას ჰკითხა, როგორ შეაფასებდა გუშინ თავისუფლების მოედანზე „ძალა ერთობაშიას“ მიერ გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე ბუბა კიკაბიძის შესრულებულ ქართულ-რუსულ სიმღერას. გახარიამ განაცხადა, რომ მას ადამიანურად დასწყდა გული. პრემიერმა ბუბა კიკაბიძის ასაკს გაუსვა ხაზი და დისკრიმინაციული შეფასება გამოიყენა.

„პირველ რიგში უაღრესად, ადამიანურად დამწყდა გული და გეტყვით, რატომ. ქვეცნობიერია ხალხნო, ჩვეულებრივი ქვეცნობიერია. არაფერი არ მომხდარა, სანამ  სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერ მოიფიქრა იქ მდგომმა ვერც ერთმა ადამიანმა, გამოსულიყო და კომენტარი გაეკეთებინა. მერე დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა. ამიტომ არის ეს ქვეცნობიერი.

რაც შეეხება, რატომ დამწყდა გული – ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. ადამიანი ასაკშია. ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ცალკე აღებული ადამიანის, ინდივიდის ბედი არავის არ ადარდებს. ჯერ ერთი ამ ასაკის ადამიანი იქ რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, ნუ… და მეორე, მთელი ცხოვრება რაც გაუკეთებია, რეპუტაცია შეუქმნია, უშრომია აი, ამ ერთ საღამოში, სამწუხაროდ… აი, ასე ვაფასებ.

კიდევ ერთს დავამატებ – გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტების ცვლილებები უნდა დაიწყოს და ეს საბჭოური ელიტა, რომელიც 30 წელია, ქვეყანამ ვერ მოიშორა, უნდა დასრულდეს.  ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანი გამოჩნდეს პოლიტიკაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გუშინ, საარჩევნო ბლოკმა, „ძალა ერთობაშიამ“ თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიანი დასკვნითი შეხვედრა გამართა ამომრჩეველთან. შეხვედრის დასაწყისში ბლოკის სიის პირველმა ნომერმა, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ სიმღერა „თბილისო“ შეასრულა. სიმღერის  ნაწილი მან რუსულ ენაზე იმღერა, რასაც სოციალურ მედიაში გამოხმაურება მოჰყვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს ტექნიკური ჯგუფის შეცდომა იყო და ვინაიდან ამ სიმღერის ორენოვანი ვერსია არსებობს, ფონოგრამაზე რუსულენოვანი ვერსია ჩაირთო.