ამ დილით ჩვენს საარჩევნო სპეციალისტს მარნეულის გზაზე თავს დაესხნენ - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „TV იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საარჩევნო სპეციალისტის, თემურ შუბითიძის მანქანას მარნეულისკენ მიმავალ გზაზე უცნობმა პირებმა ჯერ მანქანა დააჯახეს, გააჩერეს და  შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, შემდეგ ამ პირებმა ნაცემი ადამიანი მარნეულის გზაზე მიატოვეს.

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ამ საქმეში ოპონენტების ხელი ურევია და ის პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართლი ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების” შტაბის უფროსს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა” და „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებს.

შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის” და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება.

ფიზიკურ ანგარისწორებაზე საუბრობს ასევე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე.