ამ დროს არ უნდა იღებდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას - ხაბეიშვილი დეკანოიძეზე

პუბლიკა

ხატია დეკანოიძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილებაზე პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

„ხატიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება, ძალიანაც არ მოგვწონდეს და არ გვინდოდეს, რომ ბრძოლის ველზე როდესაც არის მთავარი ოპოზიციური პარტია, ამ დროს არ უნდა იღებდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად ამისა, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა მედიასთან, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი საქმეა ხალხთან ურთიერთობა და „რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გაერთიანება“.

ხაბეიშვილისვე თქმით, ახლა დაშლის დრო არაა და ვინც ხელს უწყობს იმის თქმას, რომ „რყევაა ოპოზიციის ველზე ან აჩვენებს რამე პრობლემებს, ეს არაა კარგი და მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს“.

შეკითხვაზე, როგორ გაარძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია საპარლამენტო ცხოვრებას, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ „პეპლების კანონზე, უწუ-პუწუ და ბლა-ბლა-ბლა როცა იქნება [განსახილველი], მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ ქვეყნის საკეთილდღეოდ საბრძოლი და გამოსაგლეჯი რაც იქნება, ამას გააკეთებენ“.


ხატია დეკანოიძემ პარტიის და ფრაქციის დატოვების შესახებ 23 მარტს განაცხადა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად პარლამენტის ბოიკოტზე შეუთანხმებლობა, ენმ-ში არჩევნები, თავმჯდომარის პოსტზე ხაბეიშვილის არჩევა და მისი გეგმები სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, ასევე პარტიის საქმიანობაში ვანო მერაბიშვილის ჩარევა დაასახელა.