ამ განაჩენით დადასტურდა დანაშაულის არსებობა, რაც ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადასტურდა დანაშაულის არსებობა, რაც ეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს ამ საკითხსე „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არ არის პირადი სიმპათია – ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება, არამედ სამართლებრივი საკითხია და  ამაზე პარლამენტი იმსჯელებს.

„განაჩენი, რომელიც მოვისმინეთ მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე პარლამენტი იმსჯელებს.

ჩვენ სამართლებრივ დასკვნას ვნახავთ, რომელსაც წარმოადგენს საპროცედურო კომიტეტი და აქედან გამომდინარე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. უნდა დაველოდოთ საპროცედურო კომიტეტს ვინაიდან, ეს არის სამართლებრივი პროცედურა, ეს არ არის პირადი სიმპათია- ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ მას პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ეს პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა იქნება.