ამ მექანიზმის გამოყენება საფრთხილოა, ამაზე ჩვენ არც კი გვქონია დისკუსია - ადვოკატი ყიფშიძის მოსაზრებაზე

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, იურისტი შოთა თუთბერიძე ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას „ფორმულას“ ეთერში გამოეხმაურა და შეაფასა, როგორც ჰუმანური, კეთილშობილური იდეა, თუმცა მის სამართლებრივ მხარეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს თემა ადვოკატთა ინიციატივა ჯერჯერობით არ არის და სააკაშვილის უფლებადამცველებს არც კი განუხილავთ საკითხი.

თუთბერიძე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის განაჩენები არ არის აგებული დასაბუთებაზე და სამართლებრივ არგუმენტებზე. მისი მტკიცებით, ეს განაჩენები პოლიტიკური შურისძიების გამომხატველი განაჩენებია და მათი ლეგიტიმაცია არ შედის არც სახელმწიფოს და არც დაცვის მხარის ინტერესებში.

„შესაბამისად დათქმა, თითქოს სააკაშვილი განაჩენების ლეგიტიმურობას აღიარებს და ითხოვს მათ გადავადებას, ცხადია, ამას ადგილი არ აქვს. ამ განაჩენების ანულირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ ახლა ყველა, იმიტომ რომ ისინი არ არის მიღებული სამართლიანი სასამართლოს მიერ.

წმინდა სამართლებრივად, წმინდა ფორმალისტურად რომ შევხედოთ, სასამართლოს განაჩენის აღსრულების გადავადების მოთხოვნით მიმართავს ან მსჯავრდებული, ან მისი წარმომადგენელი ან ადვოკატი, ან პენიტენციური სამსახურის გენ.დირექტორი. ვფიქრობ, დიდი შანსია იმისა, როცა ადამიანი საკვებ დანამატს იღებდა და ჭამა დააბრალეს, ადვოკატმა გადავადების მოთხოვნით რომ მიმართოს, გამოვა მეორე დღეს რომელიმე მინისტრი და იტყვის, რომ აი, განაჩენის გადავადებს მოითხოვენ, გაუქმებას არ ითხოვენო და ეს აღიარებას ნიშნავსო.

ამ მექანიზმის გამოყენება ძალზე საფრთხილოა, ამაზე ჩვენ არც კი გვქონია დისკუსია არც ბატონ პრეზიდენტთან და არც იურიდიულ ჯგუფში“, – აცხადებს ადვოკატი.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, რეალური მართლმსაჯულების ინტერესი მიხეილ სააკაშვილის განაჩენების ანულირება და საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვაა.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ამ საკითხს მაინც განიხილავენ და ერთიან პოზიციას ჩამოაყალიბებენ.

ის აღნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს სააკაშვილის პოზიციას იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მას ადეკვატური სამედიცინო დამხარება გაუწიოს, მათ შორის, თუ საჭიროდ ჩათვლის, საზღვარგარეთ უმკურნალოს ან სასჯელი გადაუვადოს პენიტენციურის დირექტორის მოთხოვნაზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ 20 ნოემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი პოზიციაა, სააკაშვილს მიეცეს თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა. ექიმმა იგულისხმა, რომ სააკაშვილს ციხეში და ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ არ უნდა უმკურნალონ და მან მოითხოვა რეაბილიტაციემადე პატიმრობის გადავადებაც.

ნიკოლოზ ყიფშიძის საპასუხოდ, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს.

კონსილიუმის წევრი განმარტავს, რომ დარწმუნებულია, გორის ჰოსპიტლის ექიმებს შესწევთ უნარი, პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციისთვის ყველაფერი გააკეთონ.