ამას ჰქვია „სამოქალაქო აქტივიზმი“ - კობახიძე კასპის შემთხვევაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც კასპში ლევან ხაბეიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩასაშლელად მივიდნენ, არ ყოფილან „ოცნების“ მხარდამჭერები.

მისივე თქმით, კასპში ხაბეიშვილის შეხვედრის ჩასაშლელად მისული ადამიანები „სამოქალაქო აქტივისტები“ არიან და არანაირი კავშირი არ აქვთ „ქართულ ოცნებასთან“.

„ამას ჰქვია „სამოქალაქო აქტივიზმი“. კონკრეტულმა ადამიანებმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, NGO-ებმა, კონკრეტულმა უცხოელმა დეპუტატებმა დაარქვეს ამას „სამოქალაქო აქტივიზმი”. თუ ეს სამოქალაქო აქტივიზმია, მაშინ რა არის პრობლემა? ჩვეულებრივად შეეგუონ ამ „სამოქალაქო აქტივიზმს”. თუ სამოქალაქო აქტივიზმი მიდის, რაღაცის ჩაშლა უნდა, ეს არის მათი საქმე, მაგრამ მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდებოდი ხაბეიშვილს იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი კოზირი, იმიტომ, რომ ის ძალიან კარგად აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს.

რაც მეტი ხაბეიშვილი იქნება „ნაცმოძრაობაში“, მით უკეთესი. სამოქალაქო აქტივისტებს მოვუწოდებდი, მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს, კი არ მივიდნენ და რაღაც აქციები ჩაატარონ, მოუფრთხილდნენ ხაბეიშვილს, იმიტომ, რომ ის არის ჩვენთვის ძალიან სერიოზული კოზირი. ის არის „მისი უკეზერესობა“, ბატონი ხაბეიშვილი – მოსაფრთხილებელი კაცია“, – უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ.

დღეს, 30 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე, ლევან ხაბეიშვილი კასპში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მას თავს დაესხნენ და ავტომანქანაც დაუზიანეს.

კასპში, ასევე დაუპირისპირდნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შსს-ს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.