ამას რამე ტიპის გავლენა არჩევნების შედეგებზე, სანდოობაზე არ შეიძლება ჰქონდეს - ცესკოს თავმჯდომარე ანგარიშზე

პუბლიკა

„ამ ყველაფერს რაიმე ტიპის გავლენა არჩევნების შედეგებზე, სანდოობაზე არ შეიძლება ჰქონდეს“ – ასე პასუხობს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში ჟურნალისტის შეკითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშზე.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენაზე, მოსყიდვაზე, აქ შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები შემოდის. კერძოდ, თუ მოსყიდვას, დაპირებას, შეღავათის გაკეთებას აქვს ადგილი წინასაარჩევნო პერიოდში და სასამართლოს მხრიდან ასეთი ფაქტი დადასტურდა, საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტს უუქმდება რეგისტრაცია, სხვა შემთხვევაში ირთვება სისხლის სამართლის კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის ნორმები და ცხადია, ამათი დადასტურება ….

ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევა მომხდარიყო, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე, მათ კომპეტენციაზე, კანონიერ ძალაში შესულ შემაჯამებელ ოქმებზე და არჩევნების შედეგებზე, ისევე როგორც არჩევნების ადმინისტრირებასთან მიმართებაში მის სანდოობაზე”, – ამბობს ის.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ თუ რაიმე მტკიცებულება იარსებებს, სადაც საგამოძიებო ორგანოს ან სხვა კომპეტენტური უწყების ჩართვა გახდება საჭირო, ასეთი რეაგირება იქნება.


გუშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებმა“ გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ორგანიზაციები წერენ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში გადაამოწმეს წარმოდგენილი გარემოებები და მამხილებლის მიერ გადმაცემული დოკუმენტები, რომლებიც, ძირითადად, შეადგენდა 2018-2019 წლებში, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართზე securgd@gmail.com მიღებულ და ამავე მისამართიდან გაგზავნილ კორესპონდენციას.