ამბავი მასმედიის საშუალებით გავიგე, მაშინ, როდესაც უკვე განთავსდა ჩორჩანის საგუშაგო - იზორია

პუბლიკა

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პროკურატურაში ე.წ. ჩორჩანiს ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო.

„ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმასთან დაკავშირებით, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩემი პასუხი იყო, რომ მე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური და არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, განსაკუთრებით უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ასეთი საკითხი განხილული არ ყოფილა.

2019 წელს, აპრილში შეიქმნა უსაფრთხოების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების ანალიზზე, პრობლემების ანალიზზე, პოლიტიკის დაგეგმვაზე, რომ შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს მაღალი პოლიტიკური თანამდებების პირებს. მეც მქონდა პატივი, რომ ამ ორგანოს შექმნის პირველივე დღიდან, როგორც თავდაცვის მინისტრი ვყოფილიყავი მუდმივმოქმედი წევრი და იცით, რომ კანონი ითვალისწინებს 3 თვეში ერთხელ შეკრებას. მუდმივმოქმედ წევრს აქვს უფლება თავისი ინიციატივით პრემიერს მიმართოს და ჩაატაროს უსაფრთხოების სხდომა, თუმცა მახსენდება მხოლოდ 1 სხდომა 2019 წლის 1-ელ მაისს, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხს შეეხო, რადგან ახალი შექმნილი იყო.

ამ თემაზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა, ინფორმირებული უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის მისია, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური, სხდომა არ ჩატარებულა. მე ეს ამბავი მასმედიის საშუალებით გავიგე, მაშინ, როდესაც უკვე განთავსდა საგუშაგო“,- განუცხადა ჟურნალისტებს იზორიამ.

მისი თქმით, საგუშაგოს განთავესბიდან რამდენიმე დღეში ის უკვე აღარ იყო მინისტრი, ამიტომ რაიმეს დაზუსტების სასუალება არ ჰონდა.

„ ასევე იცით, რომ ორი თვის შემდეგ, ნოემბერში მე დავინიშნე უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, ესეც მოწმობს, მაშინ უსაფრთხოების თემებს რამდენად სერიოზული აღქმა ჰქონდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. საოკუპაციო ხაზზე, მით უფრო მის ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე თავდაცვის უწყებას არავითარი კომპეტენცია არ ჰქონდა. ეს იყო საპოლიციო მოქმედებების სფერო. სამწუხაროდ, ცუდი შედეგი მივიღეთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობა, ასეთი ოკუპაციის პირობებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ბუნებრივია, როდესაც მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სავალალო შედეგებს ვიღებთ, არის სამწუხარო….“,- განუცხადა ჟურნალისტებს იზორიამ.

პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ ამ გამოძიების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

უწყებამ გამოჰკითხა ადგილობრივები, ასევე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და გახარიას ყოფილი თანაპარტიელი გიორგი ხოჯევანიშვილი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.,„ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე და „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი, ასვე ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

ამ საკითხზე გიორგი გახარიას კითხვები დაუსვეს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. „ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პოზიციაა, რომ გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართა, არ გაიარა სათანადო პროცედურები და რომ ეს სუს-მა „შეიტყო ოსებისგან ცხელი ხაზით“. გახარია ამბობს, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.

ვრცლად თუ რა ვიცით ჩორჩანის საგუშაგოზე წაიკითხებ „პუბლიკის“ მასალაში ბმულზე.