ამერიკის ხმა: ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია

პუბლიკა

„ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.

მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

აღნიშნულზე „ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“. თუმცა, ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე.

„ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და „აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, მათი ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია „ამერიკის ხმასთან“ ადასტურებს მიღებაზე მოსაწვევის გაუქმებას, თუმცა, აღნიშნავენ, რომ „სალივანთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა“.

22 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.


ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ვიზიტი 22 სექტემბერს დაიწყო. ის დღეს, 25 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოცხადა ახალი სანქციები, რომლის თანახმადაც, ფინანსური სანქციები დაუწესდა საქართველოს 4 მოქალაქეს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე, ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს” ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დამატებით სავიზო შეზღუდვები დაუწესდებოდა 60-ზე მეტ ქართველ ინდივიდს, მათ შორის მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, კორუფციაში ჩართულ ბიზნესმენებს, სამართალდამცავებსა და მათი ოჯახის წევრებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.