ამილახვარი დირექტორების კონკურსზე: მალე გამოცხადდება ახალი კონკურსი დანარჩენი სკოლებისთვის

პუბლიკა

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი „ზოგადი განათლების რეფორმის“ პრეზენტაციას მართავს. ის თავის გამოსვლაში დირექტორების კონკურსსაც შეეხო და თქვა, რომ უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი იმ 1000-მდე სკოლაში, სადაც დირექტორების არჩევა არ მოხდა.

„გამოხმაურება მოჰყვა იმ სკოლის დირექტორების კონკურსს, რომელიც დაწყებული იყო, როდესაც მე დავინიშნე და პროცესი უკვე მიმდინარეობდა. აქაც ჩვენ დავაკვირდით პროცესს და 840 სკოლაში, მეგობრებო, სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს სკოლის დირექტორები სამინისტროს და მინისტრის ჩაურევლად. შესაბამისად, აქ, მგონი, პასუხი გაცემულია ყველა კრიტიკოსისთვის, როდესაც ისინი გარკვეულ არაობიექტურობაზე საუბრობენ, ვინაიდან სასკოლო საზოგადოებამ თავად გადაწყვიტა ამ სკოლებში, თუ ვინ უნდა იყოს სკოლის დირექტორი.

რა თქმა უნდა, ჩვენ დარჩენილ დაახლოებით 1000 სკოლაში კვლავ გვაქვს გამოსაცხადებელი კონკურსი და სულ გვაკრიტიკებენ, რომ არ მოხდა კანდიდატების წარმოდგენა. არ მოხდა იმიტომ, რომ ფიზიკურად კონკურსში არ იღებდა ამდენი კანდიდატი მონაწილეობას. ამიტომ პირდაპირ მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს უახლოეს მომავალში სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონკურსები გამოცხადდება იმ დარჩენილ სკოლებში,  სადაც ვერ მოხდა შერჩევა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს სერტიფიცირება ან უნდა რომ მოიპოვოს სერტიფიცირება ყველას, ხაზგასმით ვამბობ, მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში და უზრუნველვყოფთ, რომ სკოლებში არჩევნები იყოს გაცილებით მრავალფეროვანი“, – თქვა  გიორგი ამილახვარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესში დისკრეციის უფლებას, რომელიც აქვს მას და შეუძლია ნებისმიერი ადამიანი დანიშნოს დირექტორად, შეგნებულად არ იყენებს. მისი თქმით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება მისი მხრიდან ამ უფლების გამოყენება.

მინისტრი ამბობს, რომ მალე გამოცხადდება კონკურსი და სამ-ოთხ თვეში დარჩენილ სკოლებს ახალი დირექტორები ექნებათ.


დირექტორთა კონკურსის მონაწილეები  მაია ეკალაძე და დავით ფერაძე მეცხრე დღეა განათლების სამინისტროსთან აპროტესტებენ დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს და მოითხოვენ – დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნას.