„ანას ბაღის გადასარჩენად“ მოწყობილი პარტიზანული სკვერი დაშალეს

პუბლიკა

„ანას ბაღის გადასარჩენად“ მოწყობილი პარტიზანული სკვერი დაშალეს. ორი დღის წინ, ღამით, ვარკეთილში „ანას ბაღის“ მიმდებარედ „პარტიზანმა მებაღეებმა” და ადგილობრივმა  მოსახლეობამ სკვერი მოაწყვეს და ხე დარგეს.

„ანას ბაღის“ მიმდებარედ მოწყობილ სკვერს კომპანიის წარმომადგენლები ანგრევენ. ამის შესახებ „პუბლიკას“ ადგილობრივმა გიორგი ფხალაძემ უთხრა. მისივე თქმით, ესენი არიან კომპანიის კერძო დაცვის თანამშრომლები.

ვიდეოში, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრები სალომე ხუბულოვი ავრცელებს, ჩანს, რომ კომპანიის წარმომადგენლები ახალდარგულ ხეებს იღებენ მიწიდან. მათ უკვე შემოღობეს ტერიტორია. ადგილზე არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

„სკვერს ვერ დავარქმევ ამას, დადგეს ერთი საქანელა, რათა ხელი შეეშალათ კომპანიისთვის სამშენებლო სამუშაოებისთვის. მოვედით ჩვენივე ტერიტორიაზე, ავიღეთ დაუზიანებლად მათი ნივთები, გადავუდეთ გვერდზე, ნერგები ჩვენს მიერ დაქირავებული დენდროლოგების მიერ იქნა ამოღებული სრული ნორმების დაცვით. ყველაფერი ხდება კანონის დაცვით”, – ამბობს „პუბლიკასთან” გიორგი ბენაშვილი, კომპანია „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” წარმომადგენელი.


თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღის“ დასაცავად 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავდა. ადგილობრივი მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა.

თბილისის მერის თქმით, როდესაც „ანას ბაღის” საკითხზე კითხვები გაჩნდა, მშენებლობის ნებართვა შეჩერდა და შემოწმდა მისი კანონიერება. შედეგად დადგინდა, რომ ის სწორად იყო გაცემული. მისივე თქმით, ვარკეთილში დაგეგმილ მშენებლობაზე ადგილმონაცვლეობა ვერ მოხდება, რადგან მერიას ამის რესურსი არ აქვს.

12 იანვარს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მშენებლობა უშუალოდ „ანას ბაღს“ არ ეხება და მსგავსი განცხადებები მოსახლეობის მხრიდან არის სპეკულაცია.

„ანას ბაღის” დამცველი, აქტივისტი გიორგი  ფხალაძე განმარტავს, რომ ტერიტორია, რომელზეც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს დავა კომპანიასა და მერიასთან, 40 წელზე მეტია, გამოიყენება სხვადასხვა აქტივობისთვის. ის იყო ბავშვებისთვის უსაფრთხო ტერიტორია, სადაც ისინი ველოსიპედებითა და გორგოლაჭებით გადაადგილდებოდნენ.

ფხალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლა მშენებლობა უშუალოდ სკვერის ტერიტორიაზე არაა დაგეგმილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლის შედეგად დათმო კომპანიამ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკვერის მომიჯნავედ კორპუსის მშენებლობა საფრთხეს არ შეუქმნის სკვერს.

„მშენებლობა მიმდინარეობს „ანას ბაღის“ მომიჯნავედ. დასაწყისში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოჭრას, ბევრი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ეს ტერიტორია. სწორედ მაგიტომ ჰქვია მოძრაობას „ანას ბაღის გადასარჩენად“. ახლა რეალურად ვიბრძვით ეზოსთვის, იმ ძირითადი ეზოსთვის, რომლითაც ვსარგებობდით”, – აცხადებს ფხალაძე.