ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე – რას ამბობს ოჯახი

პუბლიკა

ანასტასია შატალოვას მკვლელობიდან 11 დღე გავიდა. გამოძიებამ მკვლელობის საქმეზე 3 პირს – ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიას და ლევან რაჯავას წარუდგინა ბრალი.

გამოძიების ვერსიით, ბექა ლატარიამ 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე,  შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან რამდენიმე გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

მოკლული ანასტასია შატალოვას ადვოკატის, პაატა შავაძის თქმით, მკვლელობის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობით შატალოვას ოჯახი უკმაყოფილოა. მათ მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს, ზურაბ ბერიძეს  გამოკითხვისას შესაბამისი კითხვები არ დაუსვეს და გამოძიება მხოლოდ წარსულ ურთიერთობაზე შეკითხვებით შემოიფარგლა.

ბავშვის მეურვეობა – რას გეგმავს ოჯახი

ანასტასია შატალოვას და ზურაბ ბერიძეს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა სიცოცხლეში შვილის უნებართვოდ წაყვანაში ადანაშაულებდა ზურაბ ბერიძეს და ბავშვის მეურვეობის საკითხზე დავა ჰქონდა მასთან. რაღაც პერიოდი შატალოვას მესამე პირის გარეშე შვილის მონახულების შესაძლებლობაც არ ჰქონდა, თუმცა მისი ადვოკატების თქმით, 2020 წლის ბოლოს ბერიძემ დედას შვილი დაუბრუნა და ბავშვის გარეშემო დავა ამით ამოიწურა.

შატალოვას მკვლელობის შემდეგ, მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბავშვი მამის მეურვეობაში გადავიდა. აღნიშნულს ადასტურებს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და მხარეთა ადვოკატები. სოციალური მომსახურების სააგენტო, საკითხის კონფიდენციალურობის გამო, ამ გადაწყვეტილებაზე საჯაროდ არაფერს ამბობს.

მოკლული ანასტასია შატალოვას ოჯახი მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აპირებს, იდავოს ბავშვის მეურვეობაზე – განუცხადა „პუბლიკას“ შატალოვას ადვოკატმა, პაატა შავაძემ.

პაატა შავაძის თქმით, ზურაბ ბერიძე ანასტასია შატალოვასა და შვილზე ძალადობისთვის ბრალდებულია. შემთხვევა 2021 წლის ივნისში მოხდა და გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში შატალოვა ჰყვება, რომ ბერიძემ მასზე და შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა.

გამოძიების ფარგლებში, სასამართლომ აღკვეთის სახით ბერიძეს გირაო შეუფარდა, შვილთან და ანასტასია შატალოვასთან მიახლოება კი აუკრძალა. შემაკავებელი ორდერის ვადა ამოწურულია და ახალი ორდერის გამოცემაზე  სასამართლომ ნოემბრის პირველ კვირაში უნდა იმსჯელოს.

შავაძის თქმით, სასამართლო შემაკავებელი ორდერის გაცემაზე იმსჯელებს ნოემბრის დასაწყისში, როდესაც საქართველოში ანასტასია შატალოვას დედა ჩამოვა.

გამოძიების მიმდინარეობა  – რას ფიქრობს ოჯახი

რაც შეეხება მკვლელობაზე გამოძიების მიმდინარეობას, შავაძე მკვლელობის საქმეზე დაკავებულების დაჭერას საკმარისად არ მიიჩნევს. მოტივი ჯერ არ არის გამოკვეთილი, დამკვეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა ვერსიაზე კი ამბობს, რომ  არადამაჯერებელია.

„თავიდან გამოძიება აქტიურად მიდიოდა. მყისიერად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ახლა კი ასე აღარაა. მარტო ამ პირების დაკავება საკმარისი არ არის. მათ გარშემოც ბევრი შეკითხვა ისმება. სახელდებიან დამკვეთები, რომლებზეც არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩანს, რომ ვიღაც ძალიან მოწადინებულია, გამოძიება ჩიხში შევიდეს.“ – ამბობს შავაძე.

დამკვეთის ნაწილში გამოძიებამ საქმე ცალკე გამოყო, თუმცა, შავაძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად არ მიმდინარეობს და მისთვის ჯერ არაფერია ცნობილი.

შატალოვას ადვოკატის თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა საქმის გამომძიებელთან, რომელმაც უთხრა, რომ მასალების გასაცნობად ის ადგილზე უნდა მივიდეს და მათი წაღების უფლებას არ მისცემს. შავაძის თქმით, გამომძიებელს უფლება არ აქვს, გასაცნობად მასალების წამოღებაზე უარი უთხრას მას.

„ამ დამოკიდებულებას აუცილებლად გავაპროტესტებ და ჩემს უფლებებს დავიცავ. საქმის მასალების წამოღების უფლება მაქვს.“ – ამბობს შავაძე.

მისი თქმით, საქმის მიმდინარეობით ასევე დაინტერესებულია რუსეთი და ის შეხვდა თბილისში რუსეთის კონსულს, რომელმაც დეტალურად გამოჰკითხა გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაცია.

„კონსული აღშფოთებული იყო მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილებითაც“. – ამბობს შავაძე.

19 ოქტომბერს რუსეთის ინტერესთა სექციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი საქართველოსგან რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის შესახებ ინფორმაციას მოითხოვს.

19 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა ნოტა თხოვნით, წარუდგინონ ჩადენილი დანაშაულის შესახებ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაცია.

 

 

 

 

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile