And then we danced-ში სავარაუდო პორნოგრაფიაზე განცხადებას შსს შეისწავლის

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების შესწავლას იწყებს. ლორთქიფანიძის მტკიცებით, მხატვრული ფილმი პორნოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს, ამიტომ კინოჩვენება იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე საგამოძიებო უწყებები არ შეისწავლიან.

„რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგი.

როგორც ლორთქიფანიძემ „პუბლიკას“ განუცხადა, კანის კინოფესტივალიდან აქვს ჩამოტანილი ფილმის ფრაგმენტები, რის წარდგენასაც შსს-ში მტკიცებულების სახით გეგმავს. როგორც ის ამბობს, ეს ფრამენტები მან მოიპოვა. დიმიტრი ლორთქიფანიძე იხსენებს გასპარ ნოეს „love-ს“, რომელიც შსს-მ პორნოგრაფიულად მიიჩნია. მისი თქმით, ეს პრეცედენტი შსს-მ ამ შემთხვევაშიც უნდა გაითვალისწინოს.

2016 წელს გასპარ ნოეს „love-თან“ დაკავშირებით შსს-მ  განაცხადა, რომ გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები (მათ შორის, გასპარ ნოეს “love”) მიეკუთვნება პორნოგრაფიას. უწყება ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება და სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.