შსს: მოვუწოდებთ დაიცვან კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მანდატის ფარგლებში იმოქმედებს

პუბლიკა

შსს მხატვრული ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

„გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში  მხატვრული ფილმის პრემიერა გაიმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – განაცხადა ბრიფინგზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნისა.

როგორც ცაციაშვილი აღნიშნავს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის პარალელურად, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფაა.