რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სექსისტური ფრაზებით მიმართა.
პლენარულ სხდომაზე ოხანაშვილი რუსული კანონის მუხლების შესახებ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
ამერიკელი და გერმანელი პარტნიორების კრიტიკული შეფასებების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას შეკითხვის საპასუხოდ ოხანაშვილმა თქვა:
„მე გარკვეულ საკითხებში მაქვს უკეთესი ცოდნა და გამოცდილება, ყველაფერში ვერა და არა, მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ სადაც მაქვს, ფაქტებით გესაუბრებით“.
ოხანაშვილის ამ განცხადებას დარბაზიდან ხატია დეკანოიძის რეპლიკა მოჰყვა, რაზეც ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ხატია დეკანოიძე ღიზიანდება იმის შეხსენებაზე, რომ უკრაინაში საჯარო სამსახურის გამო საქართველოს მოქალაქეობა დათმო. მას შემდეგ, რაც დეკანოიძემ ოხანაშვილთან საუბარი არ შეწყვიტა, ოხანაშვილმა სექსისტური მიმართვა გამოიყენა:
„ქალბატონო ხატია, თქვენ ნუ ღიზიანდებით იმაზე, რაც გააკეთეთ. მოქალაქეობა დათმეთ და რომ გახსენებთ ამას, ამაზე ღიზიანდებით და გადმოდიხართ შეურაცხყოფაზე. ვერ მომაყენებთ შეურაცხყოფას უბრალოდ, ვერ მომაყენებთ, მიხვდით? თავი შეიკავეთ. ქალბატონ მანდატურს ვთხოვ, დამამშვიდებელი მიუტანოს ქალბატონ ხატიას. სამადაშვილს არც დამამშვიდებელი არ შველის“, – განაცხადა მან.
ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას შეკითხვაზე პასუხი მიხეილ სააკაშვილზე საუბრით გააგრძელა და გიორგი გახარიას თანაპარტიელებს შეახსენა, რომ ყოფილი პრემიერი თანამდებობიდან ნიკა მელიას გამო გადადგა.
ოხანაშვილის განცხადებას დარბაზში ისევ ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც მან ერთ-ერთ დეპუტატს კვლავ შეურაცხმყოფელად მიმართა, თუმცა პარლამენტის პირდაპირ ტრანსლაციაში არ ჩანდა, ვის ესაუბრებოდა ის:
„ხმას დაუწიე შენ, ხმას დაუწიე, ხმას და როცა მოგცემენ საშუალებას, მაშინ გააღე ეგ პირი. უფლებას როცა მოგცემთ, მაშინ გააღე ეგ პირი. მესმის, ღალატი მძიმეა, როდესაც რადიკალის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო კონკრეტული პირები თანამდებობიდან მიდიან… დამშვიდდი, დამშვიდდი, შენც ხომ არ გჭირდება დამაწყნარებელი?“, – განაცხადა მან.
ბექა ლილუაშვილს კი მიმართა: „ბექა, სახე შეინარჩუნე, ვინმეში არ შეგეშალო, სახე გაასწორე“.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, რუსული კანონის განხილვის დროს „პუბლიკას“ პარლამენტის სასახლეში შესვლის უფლება არ აქვს. პარლამენტის პლენარულ სხდომას ონლაინმედია პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით ადევნებს თვალ-ყურს. ტრანსლაციის დროს კადრში ყოველთვის ის დეპუტატია, ვისი მიკროფონიც ჩართულია, შესაბამისად, დარბაზში უმიკროფონოდ გაკეთებული განცხადებების ავტორების იდენტიფიცირება ამ ტრანსლაციის მეშვეობით ხანდახან ვერ ხერხდება.
ანრი ოხანაშვილს მოგვიანებით უპასუხა ხატია დეკანოიძემ და მის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება მოითხოვა.