ანზორ ჩუბინიძე სასამართლომ ჩვენების მიცემის ვალდებულებისგან გაათავისუფლა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვაზე დაცვის მხარემ მოწმის სახით გამოსაკითხად გამოიძახა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე.

ანზორ ჩუბინიძე სასამართლოში გამოცხადდა და განაცხადა, რომ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა სურს.

„მე ვიცი, რა საქმესთან დაკავშირებით ვარ დაბარებული მოწმის სტატუსით. მოგეხსენებათ, მე ვმუშაობ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის თებერვლიდან. საჯარო წყაროებიდან ჩემთვის ცნობილია მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას მილიონობით ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს, ამ პერიოდში მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ მქონდა.

ჩემთვის გაუგებარია დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე… პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც მე ვიყავი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ გახარჯული თანხების კანონიერებასთან დაკავშირებით. ბრალდების ეპიზოდთან, რომელიც დღეს განიხილება, არანაირი შეხება არ მაქვს, შესაბამისად ჩემ მიერ დღეს ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა და ფრაზა შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩემს საწინააღმდეგოდ მომავალში“, – განმარტა ანზორ ჩუბინიძემ.

„სინდისი არ შეგაწუხებთ, ბატონო ანზორ?! ძალიან მალე, რაც თქვენი ბოსი დაახვევს აქედან და მოგიტოვებთ უკან, ამ დარბაზში ასეთივე მოსამართლეები თქვენ ნამდვილად გაგიშვებთ ციხეში. შეიცოდეთ თქვენი შვილთაშვილები იმისთვის, რასაც დღეს ჩადიხართ“, – მიმართა ჩუბინიძეს მიხეილ სააკაშვილმა და სასამართლო დარბაზი დატოვა.

სააკაშვილის გასვლის შემდეგ დაცვის მხარე შეეცადა დაემტკიცებინა, რატომ არის საქმისთვის ანზორ ჩუბინიძის ჩვენება მნიშვნელოვანი.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, ანზორ ჩუბინიძემ მოცემული საქმის ფარგლებში კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, რადგან ტყუილია, რომ საქმე ეხება მხოლოდ 2009-2013 წლამდე პერიოდს. ბასილაიას თქმით, საქმე ეხება 2013 წლის პერიოდს თებერვლის ჩათვლით, იმ დროს, როდესაც ჩუბინიძე უკვე დაცვის სამსახურის უფროსია.

„საქმეში ბრალდების მხარემ ამოიღო პატაკი, რომელზეც არის თქვენი რეზოლუცია და ის, რომ თქვენი რეზოლუციაა, წერია პატაკზე და ჩვენება მისცა თქვენმა მოადგილემ, ბატონმა კერვალიშვილმა. შესაბამისად, თქვენ ცრუობთ, რომ ამ საქმესთან შემხებლობა არ გაქვთ“, – განაცხადა ბასილაიამ.

ბასილაიას თქმით, დაცვის მხარისთვის ცნობილი არაა, რა საქმეზე და ფაქტებზე მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება, რომელთან შემხებლობაშიც არის ანზორ ჩუბინიძე და ვერ განსაზღვრავს, რომელ შეკითხვაზე პასუხი იმოქმედებს მომავალში მის წინააღმდეგ.

„ნებისმიერ კითხვაში თუ დაინახავთ, რომ მომავალში პროკურორებმა შეიძლება გამოიყენონ თქვენს წინააღმდეგ, კითხვიდან გამომდინარე გადავწყვიტოთ, უნდა გაეცეს თუ არა პასუხი თქვენი დაცვის მოტივიდან გამომდინარე. თქვენს ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა თემურ ჯანაშიას ნაწილში აქვს. პრეცედენტი არ მახსოვს, სხვა საქმეზე მითითებით მოწმე გათავისუფლებულიყო მისი ვალდებულებისგან. მოგვეცით კითხვების დასმის შესაძლებლობა“, – განაცხადა ბასილაიამ.

ბრალდების მხარის პოზიციით, მოწმე დაცვის მხარის შუამდგომლობითაა წარმოდგენილი, ხოლო ბრალდების მხარის პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ჩუბინიძე არ უნდა დაკითხულიყო, რადგან მას საქმის ამ ეპიზოდთან შემხებლობა არ აქვს.

მოსამართლემ ჰკითხა ბრალდების მხარეს, მიმდინარეობს თუ არა პროკურატურაში გამოძიება, რომელთანაც შემხებლობა აქვს ჩუბინიძეს, რაზეც პროკურორებმა უპასუხეს, რომ საქმეს ისინი არ ხელმძღვანელობენ, თუმცა საჯარო წყაროებიდან აქვთ ინფორმაცია ამგვარ გამოძიებაზე.

დაცვისა და ბრალდების მხარეების არგუმენტების წარმოდგენის შემდეგ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა განაცხადა, რომ ანზორ ჩუბინიძის ჩვენება სასამართლომ მნიშვნელოვნად რომ ჩათვალა, მაგიტომ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მის გამოკითხვაზე.

მისი თქმით, მოწმე ვალდებულია, სასამართლოს მისცეს ჩვენება, მაგრამ ამავდროულად მოწმეს აქვს უფლება, არ მისცეს ჩვენება თავისი თავის ან ახლობლების საწინააღმდეგოდ.

მოსამართლის განცხადებით, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ამ უფლებით სარგებლობა მიზნად ისახავს ჩვენების ვალდებულებისგან თავის არიდებას, ეს მხარეებმა უნდა შეაფასონ, მაგრამ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მოწმის არგუმენტი და მისცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ უფლებით. მოსამართლის თქმით, უსაფუძვლოდ ჩვენებაზე უარის თქმა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

„ბატონო ანზორ, თქვენი პოზიცია მიღებულია ისე, როგორც ეუბნებით სასამართლოს. თუ თქვენი მოთხოვნა საფუძვლიანია – ეს ერთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდების მხარეს შეუძლია, მისცეს შესაბამისი მსვლელობა და რეაგირება. სასამართლოს არ აქვს ბერკეტი, მოწმე დაავალდებულოს, მისცეს ჩვენება“, – განაცხადა მოსამართლემ.