აქ იმისთვის მოვედით, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ მშვიდობიანი ხალხი ვართ - გოლეთიანი ENKA-ს ბაზასთან

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები გუმათიდან ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან მივიდნენ. „რიონის ხეობის დამცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა ბაზასთან ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს მიმართა. გოლეთიანის თქმით, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციები არის მშვიდობიანი; მათი მოთხოვნაა, რომ დაბრუნდნენ სოფელ ნამოხვანში, სადაც გუშინ პოლიციამ „რიონის ხეობის დამცველების“ კარვები დაშალა.

„მერამდენედ უნდა დავამტკიცოთ ის, რომ ჩვენ ვართ მშვიდობიანი და კულტურული ხალხი, რომელიც არ ცდილობს, ძალადობრივად გადაწყვიტოს ეს პროცესი. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი აქ დგომა. აქვე არის კომპანიის ვაგონები, ხომ შეიძლება ჩვენ გადავდგათ ძალადობრივი ნაბიჯი და სადმე შეჭრა ვცადოთ – ეს, რა თქმა უნდა, არ მოაგვარებს ამ პრობლემას და ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ დღეს აქ იმისთვის მოვედით, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც მშვიდობით გადაწყვეტს ამ პროტესტს. მიუხედავად იმისა, რომ არავინ დგას ჩვენ შორის ახლა, არ არის პოლიცია, არსად არ ვიჭრებით, არაფერს არ ვისვრით. ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ ჩვენი პროტესტის ადგილს, სადაც კარვები გვქონდა გაშლილი, შეურაცხყოფა მოგვაყენა თურქულმა კომპანია ENKA-მ, როცა დახნა ჩვენი ტერიტორია და ამის საჭიროება არ იდგა, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამან გამოიწვია ჩვენი განსაკუთრებული აღელვება“, – თქვა მან.

მისი თქმით, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების გაცხადებული სტრატეგიაა, რომ ის არის მშვიდობიანი.

„ჩვენ აქ 169 დღეა ვდგავართ და თქვენ მოდიხართ ჩვენს დაძახილზე, ეს არის ყველაზე უფრო საშიში პროცესი ხელისუფლებისთვის. ამას მოვუწოდებთ სწორედ მათ, რომ უნდა ეშინოდეთ ჩვენი. ENKA-მ უნდა შეიგნოს, რომ ის ვერ ააშენებს აქ ამ პროექტს, როცა ეს არ არის ქართველი ხალხის ნება, რადგან ის არის წინააღმდეგობრივი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის და თითოეული ჩვენგანის ინტერესისთვის“, – თქვა გოლეთიანმა.

აქტივისტმა მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან საკუთარი ინტერესები მშვიდობიანად.

„მაგრამ ჩვენ აქვე უნდა ვაჩვენოთ მაღალი საზოგადოებრივი სახე, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება კი არ გადავდივართ ძალადობაზე, როცა ჩვენი უფლებები ირღვევა, ჩვენ ვდგებით ერთად, ერთ მუშტად და ვიცავთ ჩვენს ინტერესებს მშვიდობიანად. ეს არის მაღალგანვითარებული საზოგადოების სახე და მე ვთხოვ თითოეულ თქვენგანს…დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოწოდებები ამ მიმართულებით ერთმანეთის მისამართით არ გვჭირდება“, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

ENKA-ს ბაზასთან მისვლის შემდეგ, აქციის მონაწილეები მსვლელობით ისევ გუმათჰესთან დაბრუნდნენ.


ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი არ დაუშვებენ, რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განხცადებამდე, პოლიციასა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს შორის სოფელ გუმათთან შეხლა-შემოხლა იყო. აქციის მონაწილეებს სურდათ, რომ სოფელ ნამოხვანში წასულიყვნენ და აქცია იქ გაემართათ. პოლიციამ კი მათ ამის საშუალება არ მისცა.