აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმება მედიისთვის სახიფათო პრეცედენტს ქმნის - კოალიცია

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული ჟურნალისტების, კერძოდ ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ დირექტორის, ზურა ვარდიაშვილისა და ონლაინგამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის 2200-2200 ლარით დაჯარიმებას.

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილებები ჟურნალისტების, მათი საქმიანობის და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგი ნაბიჯია.

ჟურნალისტები 2023 წლის 2 მარტს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, როდესაც მედია და სამოქალაქო სექტორი პარლამენტში რუსული კანონის საპროცედურო განხილვებს აპროტესტებდა. ზურა ვარდიაშვილი  აქციის მიმდინარეობის დროს, ხოლო ბექა ჯიქურაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს დააკავეს, ორივე მათგანის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები  „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის” ბრალდებით.

კოალიციაში ამბობენ, რომ სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ ბექა ჯიქურაშვილი  დაკავების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ახორციელებდა. შესაბამისად, მისდამი სასამართლოს მხრიდან  სამართალდამრღვევად ცნობა ორმაგად საგანგაშოა.

„საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ორივე საქმის განხილვა სასამართლოში ღამის 5 საათზე დასრულდა. ძირითად მტკიცებულებად შინაგან საქმეთა სამინისტროს  დაკავების ოქმი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ჩვენება ჰქონდათ წარმოდგენილი.

ზურა ვარდიაშვილის შემთხვევაში კი დაკავების ბრძანების გამცემი, ვაჟა სირაძე მოწმის სახით არ დაკითხულა, ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშეც ცხადია, რომ მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებებს, “- ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიციაში მიიჩნევენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმება სახიფათო პრეცენდენტს ქმნის და მედიაგარემოსთვის დამაზიანებელია. როგორც კოალიციაში აღნიშნავენ ცალსახაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება  პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და შეზღუდვას ისახავს მიზნად.