აქციების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება არც საჭირო იყო და არც პროპორციული - Amnesty International

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International თბილისში 18 და 26 ნოემბერს საპროტესტო აქციების დაშლისას პოლიციის მიერ ძალის გამოყენების სამართლიანობას აფასებს.

ორგანიზაციის განცხადებით, წყლის ჭავლის გამოყენება საჭირო და პროპორციული არ იყო. მთავრობამ კი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული, თუ არაძალადობრივი საშუალებები ეფექტიანი არაა. ხოლო სამართალდამცველებმა მინიმუმამდე უნდა შეამცირონ ზიანის მიყენება მომიტინგეებისადმი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Amnesty International-ის განცხადებით, მაშინაც კი, როცა მშვიდობიანი შეკრება არ ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში, ძალის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგობის პროპორციული უნდა იყოს და მიემართოს უშუალოდ მათკენ, ვინც ძალადობს.

Amnesty International-ის შეფასებით, პარლამენტის პიკეტის დაშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუკი ხელისუფლება დაანახებდა საზოგადოებას ამის გადაუდებელ საჭიროებას, ან თუკი პიკეტი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოიტანდა არსებით ზიანს. ეს კი 18 და 26 ნოემბერს არ მომხდარა.

„წყლის ჭავალის გამოყენება არც საჭირო იყო და არც პროპოციული. მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ დროს, როცა შეკრებაში მონაწილე პირების ან ჯგუფის აგრესიის შეკავება ვერ ხერხდება და როცა ძალადობა აღწევს ისეთ დონეს, რომ სიტუაციას ვერ განმუხტავს კონკრეტულ აგრესიულ პირებზე კონცენტრირება. თანაც, მათი გამოყენების ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტს და სხვა ფაქტორებსაც. მაგალითად ისეთებს, როგორიცაა ძალიან ცივი ამინდი, რამაც შეიძლება გაამძაფროს მის მიერ მიყენებული ზიანი“, – წერს ორგანიზაცია.

საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 26 ნოემბერს რამდენიმე ადამიანი პოლიციის მხრიდან ასეთი ძალის გამოყენების გამო დაშავდა.

ასევე, Amnesty International-ის  განცხადებით, ხელისუფლებამ ასევე უნდა გადახედოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის პრაქტიკას მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებმაც არ დაუჯერეს პოლიციის მოთხოვნას მოეხსნათ პიკეტი.

„ეს პრაქტიკა არღვევს მშვიდობიანი შეკრების, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ზღუდავს თავისუფლებას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile