როგორ და რა შემთხვევაში (არ) შეიძლება წყლის ჭავლის გამოყენება

პუბლიკა

დღეს, დილის 5 საათზე პარლამენტის შესასვლელთან სპეცრაზმმა პიკეტი კიდევ ერთხელ დაშალა და წინა შემთხვევის მსგავსად, აქაც გამოიყენა წყლის ჭავლი. შედეგად, დაშავებულია 4 მოქალაქე. ერთი მათგანი კი საავადმყოფოში თვალის დაზიანებით გადაიყვანეს.

რა წერია გაეროს ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოში, კანონის აღსრულებისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით (აგვისტო, 2019 წელი)? ომბუდსმენის წარმომადგენელი თათული თოდუა ამ გარემოებებზე საუბრობს:

წყლის ჭავლის/წყალსატყორცნის შესაძლო კანონიერი გამოყენების გარემოებები

7.7.2 ზოგადად, წყლის ჭავლი უნდა იყოს გამოყენებული მ ხ ო ლ ო დ   სე რ ი ო ზ უ ლ ი საზოგადოებრივი უწესრიგობის სიტუაციაში, როდესაც სახეზეა სიცოცხლის დაკარგვის, სერიოზული დაზიანების ან ქონების ფართომასშტაბიანი განადგურების რისკი. აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წყლის ჭავლის გამოყენება უნდა დაიგეგმოს ფრთხილად და უნდა იყოს მართული მკაცრი ბრძანებისა და ზედა რგოლის კონტროლის ქვეშ.

სპეციფიკური რ ი ს კ ე ბ ი

7.7.3 წყლის ჭავლი არ უნდა იყოს გამოყენებული ამაღლებულ ადგილებზე მყოფი პირების წინააღმდეგ, სადაც მნიშვნელოვანი მეორადი დაზიანების რისკია. სხვა რისკები მოიცავს ჰიპოთერმიას (გადაციება), ცივი წყლის შოკს ცივ ამინდში (განსაკუთრებით, როდესაც წყალი არ არის გამთბარი), მოცურების ან წყლის ძლიერი ნაკადით კედლებზე ან სხვა მყარ საგნებზე მიხეთქების რისკს. ზოგიერთ წყალსატყორცნს განურჩეველი შედეგები აქვს პირთა ჯგუფისთვის, რადგან მათ არ შეუძლიათ კონკრეტულ პირებზე მიზანმიმართული მოქმედება.

წყლის ჭავლის/წყალსატყორცნის პოტენციურად უ კ ა ნ ო ნ ო გამოყენების გარემოებები

7.7.4 წყლის ჭავლი არ უნდა იყოს დამიზნებული პირზე ან პირთა ჯგუფზე ახლო მანძილიდან, სამუდამო სიბრმავის ან მეორადი დაზიანებების რისკების გამო, რადგან წყლის ჭავლი ენერგიულად ზემოქმედებს მათზე. ის ასევე არ უნდა იყოს გამოყენებული თავისუფლებაშეზღუდული პირების ან იმ პირების წინააღმდეგ, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით არ შეუძლიათ გადაადგილება.