„არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მინისტრები პასუხობდნენ კითხვებს“ - თურნავა ქუთაისში ნამახვანჰესზე შეხვედრის შესახებ

პუბლიკა

ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეის“ ეთერში განმარტება გააკეთა, თუ რატომ დატოვეს მინისტრებმა გუშინ, ქუთაისში ნამახვანჰესზე გამართული შეხვედრა განცხადებებისა და მედიასთან გაკეთებული კომენტარის შემდეგ.

თურნავას განცხადებით, მინისტრები ქუთაისში ჩავიდნენ კონკრეტული შეთავაზებებითა და ჩაიყვანეს სპეციალისტები, რომლებსაც შეეძლოთ დაინტერესებული მხარეებისთვის, აქტივისტების კითხვებზე პასუხი გაეცათ. ნათია თურნავას განცხადებით, მას თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა, რომ უფრო მეტი ხნით ის არ დარჩებოდა შეხვედრაზე.

„ის ამოცანა, რაც ჩვენს წინაშე დასვეს უფრო უპრიანი იქნებოდა ასეთი გამოცდილი გუნდით და სპეციალისტების მეშვეობით ყოფილიყო ადრესირებული და პასუხები გაცემული. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია შევასრულეთ. ჩვენ არა უბრალოდ მსჯელობა ჩავიტანეთ იქ, ჩვენ ჩავიტანეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები“,- თქვა მან.

თურნავამ აღნიშნა, რომ არ არის აუცილებელი მინისტრები პასუხობდნენ მაინცდამაინც კითხვებს.

„მინისტრები პასუხობდნენ მაინცდამაინც კითხვებს ეს არ არის აუცილებელი. ეს არის აკადემიური, ტექნიკური საუბარი, ვისაც მართლა უნდა, რომ მოისმინოს და გაიგოს. იქ იყო იურისტი, ბატონი რეზო ტყავაძე, რომელიც უშუალოდ იყო ჩვენი დავალებით ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ჩემზე უფრო კომპეტენტურად გასცემდა მათ პასუხებს. ცოტა უცნაური იყო იმის მოსმენა, რომ თქვენ, მეგობრებო ყველა ზედმეტები ხართ, კი ბატონო, რომ თქვენ იყავით ჩართულები, იცით, პასუხებსაც გავცემთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთი ადამიანისგან გვინდა მოვისმინოთ პასუხი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ჟურნალისტებისა და პირდაპირი ეთერით შეხვედრები შოუს ჰგავს, რათა თემაზე საზოგადოების ყურადღება იყოს მიპყრობილი.

„მე მეჩვენება, რომ ეს შეხვედრები 20 ჟურნალისტის თანდასწრებით, ლაივის თანდასწრებით…კი, გახსნილობა კარგია, მაგრამ უფრო მეტად შოუს ელემენტებს იძენს, იმიტომ რომ მეტი ყურადღება მიიპყრონ საზოგადოების მხრიდან, ვიდრე პასუხები მიიღონ“, – თქვა მან.

თურნავას განმარტებით, გუშინ, 12 მარტს ქუთაისში ჩატარებულმა შეხვედრამ ორივე მხარეზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეები ერთმანეთს ასცდნენ მოლოდინებსა და ამოცანებში.


ქუთაისში ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის ექსპერტებისა და მინისტრების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სიტყვით გამოსვლისა და მედიასთან განცხადებების შემდეგ დატოვეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა.

ქუთაისის მერიაში ჰესთან დაკავშირებით მსჯელობა ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის ექსპერტებისა და მინისტრების მონაწილეობით უნდა გამართულიყო.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მინისტრების წასვლამ გამორიცხა დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა. ამის გამო შეხვედრა აღარ გაგრძელებულა.

 ხვალ, 14 მარტს, 13 საათზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ  ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართება.