აქტივისტების პლატფორმა „სალამ“ მარნეულში წუხელ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და შესაბამის უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„შეშფოთებულნი ვართ მარნეულში ჟურნალისტებზე, მათ შორის ჯეიჰუნ მუჰამედალისა და სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტით.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს დროული და დამოუკიდებელი გამოძიება, გამოავლინოს ყველა მოძალადე პირი და უმკაცრესად დასაჯოს ისინი.
გვესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკურმა დაძაბულობამ მთელი საქართველო მოიცვა. ვხედავთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ ელიტები და რეგიონალურ კლანები ძალაუფლების გადანაწილების პროცესში, უფრო დიდი ნაჭერის ხელში ჩაგდების მიზნით, კუნთების თამაშს და საკუთარი ძალის დემონსტრირებას იწყებენ, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების რეგიონებში.
ვხედავთ, რომ ამ რეგიონებში შიშველი ძალის გამოყენების, დაშინების და ზეწოლის პრაქტიკები ჩვენი ყოველდღიურობა ხდება. სამწუხაროა, რომ 29 სექტემბერს, ასეთი ძალადობრივი პრაქტიკის მსხვერპლი გახდა ჩვენი მეგობარი, ჯეიჰუნი. მარტივად გვინდა განვაცხადოთ, რომ არ გვინდა, ხვალ ასეთი ძალადობის, დაშინების და ზეწოლის მსხვერპლი ვიყოთ ჩვენ“, – აცხადებს „სალამი“.
29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.
დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა” და „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებს.
შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის” და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება.
ფიზიკურ ანგარისწორებაზე საუბრობს ასევე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე.
30 სექტემბერს დილით კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ”.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.