არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არაფერი. ვერავინ ვერ გამოიყვანს ციხიდან - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ… ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, ეს დაიმახსოვრეთ ყველამ“, – ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დეპუტატის შეკითხვას, რომელიც პრემიერის მხრიდან ბოლო პერიოდში ახალგაზრდების შესახებ გამოთქმულ განცხადებებს შეეხებოდა.

„არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არაფერი. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს, ვინც არის, მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი, უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ მასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა; ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ; ახლა გამოვიდნენ და დაიცვან, რატომ არ იცავენ? რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან? ვერავინ ვერ გამოიყვანს და ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს; რა შუაშია თმის ფერი, რა შუაშია ვინმეს ორიენტაცია“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „დიდი ტყუილია“ რომ მან ახალგაზრდებს სატანისტები უწოდა.

„მე ვთქვი შემდეგი რაღაც და ამაზე პასუხისმგებელი ვარ – რამდენიმე ახალგაზრდა-მეთქი. თქვენ ამოწიეთ ჩემი ინტერვიუ, გაძლევთ სიტყვას, ასე იყო. მე გავეცანი მასალებს პოლიციიდან და საგამოძიებო სამსახურებიდან. ჩვენ თვითონ დავინტერესდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები გაუგებარი ფორმებით და ა.შ. გავარკვიეთ, რომ არსებობს ასეთი სექტები და ტვინარეული გზააბნეული ერისშვილები დავარქვათ ასე. ეს ახალგაზრდა შეიძლება, ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო, არ მაინტერესებს ახალგაზრდაა, ძველგაზრდაა, ვინ არის, არ მაინტერესებს, საერთოდ. გითხარით და დაიმახსოვროს ყველამ კარგად, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქაოსსა და ანარქიას. ახალგაზრდების ეს ჯგუფი დიდი ალბათობით არიან შეცდენილები, გამოიყენეს და ჩასვეს ციხეში“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართა და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.