„ამოცნობა არ შემიძლია" - რას (ვერ) ამბობს მოწმე პოლიციელი | ლაზარეს პროცესი

ნატუკა ლომაძე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოჰკითხეს. მათ შორის, პოლიციელი, რომლის მანქანის დაწვასაც ედავება პროკურატურა გრიგორიადისს. როგორც მოწმე გიორგი მაისურაძე თავად ამბობს 8-9 მარტს აქციაზე მართლწესრიგს და უსაფრთხოებას იცავდა. ის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილეა.

რა თქვა ბრალდების მოწმემ? 

ბრალდების მოწმეს დღეს სასამართლოზე არ უთქვამს, რომ პირი, რომელიც მის ავტომობილს წვავდა, ლაზარე გრიგორიადისი იყო.  გიორგი მაისურაძის თქმით, მან დაინახა, როგორ წვავდა მანქანას ერთი პირი, თუმცა არ შეუძლია პირის იდენტიფიცირება, ვინ იყო ის.

სამართალდამცველმა, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის საქმეში ერთ-ერთ მოწმედ ჰყავს პროკურატურას წარმოდგენილი, 9 მარტს რუსთაველზე განვითარებული მოვლენები აღწერა.

„მანქანა გავაჩერე მერიოტთან. დაძაბულობა როდესაც მოხდა, როდესაც დაიწყო სხვადასხვა საგნების სროლა აქციის მონაწილეების მხრიდან, რაციაში გვითხრეს მანქანებს აზიანებენო.. მერე ვნახე ინტერნეტში, რომ ჩემს მანქანას ურტყამდნენ. ქაშვეთთან ავედი და ვნახე, რამდენიმე პიროვნება როგორ აზიანებდა ჩემს მანქანას. მინები ჰქონდა დაზიანებული. სხვადასხვა წარწერა გააკეთეს მანქანაზე.. მოგვიანებით მანქანა ამოიყვანეს რუსთაველზე“, – თქვა  მოწმემ.

  • პროკურორი – რამდენი პირი აზიანებდა თქვენს მანქანას?
  • მოწმე – ბევრი, 10 ზე მეტი აზიანებდა. ერთის მტკიცება [გამოყოფა] არ შემიძლია.
  • პროკურორი – რამდენმა მოუკიდა ცეცხლი? ამოცნობა შეგიძლიათ?
  • მოწმე – არა, ამოცნობა არ შემიძლია.

ბრალდების მოწმესთან შეკითხვები ჰქონდა დაცვის მხარესაც. მათ აინტერესებდათ – რატომ არ იმოქმედა კანონის შესაბამისად, თუკი თავად დაინახა, რომ მის ავტომობილს წვავდნენ.

  • დაცვის მხარე – გადაწვის ფაქტი როდის გაიგეთ?
  • მოწმე – დავინახე. წვავდა ერთი ადამიანი.
  • დაცვის მხარე – აღწერა შეგიძლიათ ამ პიროვნების? ამოცნობაზე არ გეუბნებით, ზოგადი აღწერა შეგიძლიათ?
  • მოწმე – არ შემიძლია, რომ შემეძლოს ამოვიცნობდი. ერთი პიროვნება დავინახე ვინც მივიდა და მოუკიდა ავტომობილს ცეცხლი.
  • დაცვის მხარე – უყურებთ პიროვნებას, რომელიც წვავს თქვენს მანქანას, თქვენი ინტერესი უნდა იყოს ეს პიროვნება.
  • მოწმე – იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი იყო. ვერ მოვახდინე იდენტიფიცირება.

დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთი მოწმე გამოიკითხა – შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო სამსახურის ექსპერტი, ლია კასროშვილი. მან ქიმიური ექსპერტიზა ჩაუტარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილს, რომელიც მარტის აქციებზე დაიწვა. ექსპერტმა მოსამართლეს უთხრა, რომ ავტომობილიდან აღებული ანაწმენდებიდან ნავთობპროდუქტების კვალი არ ამოვიდა.

მოწმემ მოსამართლეს უთხრა:

„მე ჩავატარე ექსპერტიზა ქიმიურ ნაწილში -მანქანებზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია თუ არა ნავთოპროდუქტების ზემოქმედებით. „ტოიოტა კოროლას“ ავტომობილიდან ავიღე ანაწმენდები და ჩავატარე ქიმიური გამოკვლევა ნავთობრპდუქტების გამოსაკვლევად. ექსპერტიზის შემდეგ დავადგინე, რომ აღებულ ანაწმენდზე ნავთობროდუქტების კვალი არ აღნიშნულა”, – თქვა მან.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველი, ლიკა ბითაძე ამბობს, რომ სამართალდამცველმა, გიორგი მაისურაძემ ჩვენება შეცვალა. ის, რაც თავდაპირველად ოქმში ჩაწერა, არ დაადასტურა დღევანდელ პროცესზე. ბითაძის თქმით, თავდაპირველ ჩვენებაში გიორგი მაისურაძე წერდა, რომ რუსთაველის გამზირზე უკვე დამწვარი ავტომობილი ნახა. დღევანდელ პროცესზე კი თქვა, რომ მანქანის დაწვის დროს ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახა.

„მას გამოკითხვის ოქმში უწერია, რომ თვითონ არ დაუნახავს, როგორ წვავდნენ მის მანქანას, თუმცა ახლა თქვა, რომ ხედავდა. ინტერნეტითაც ვნახეო და ჩემი თვალითაც დავინახეო, ეს დაადასტურა დღეს. სასამართლოს სხვა ინფორმაციას აძლევ, ოქმში სხვა რამეს ამბობ. იდენტიფიცირებაც ვერ მოვახდინეო…”, – თქვა გრიგორიადისის ადვოკატმა.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ სახანძრო-ტექნიკური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი აღმოჩნდა.

„ბრალდებულს შეხება ჰქონდა ნავთობრპრდუქტებთან. ნავთობპროდუქტების კვალის არსებობა ადასტურებს, რომ ბრალდებულს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შეხება ჰქონდა”, – ამბობს პროკურორი.

ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 27 ივნისს 12 საათზე გაიმართება. დღეს, პროცესის დასრულებისას 21 წლის გრიგორიადისს საზოგადოებისთვის განცხადების გაკეთება სურდა, რაზეც მოსამართლისგან უარი მიიღო. გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, ის მომდევნო პროცესზე საზოგადოებას მიმართავს.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.