არ შეიძლება, ადამიანის მოსაზრება მისი პროფესიული დისკრედიტაციისთვის გამოვიყენოთ - ლომჯარია კობახიძეზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვილნიუსიდან, სადაც ის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვისაა წასული, გამოეხმაურა მმართველი გუნდის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტთა ჯგუფის წევრები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან.

„მე არ ვიცი ამ ექსპერტებს რა აქვთ წარსულში ნათქვამი და არც მაინტერესებს, მაგრამ თუ რამე აქვთ ნათქვამი, ეს არის მათი უფლება, ეს არის გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, რომელიც არის აღიარებული და დაცული კონსტიტუციით და არ შეიძლება ადამიანის მიერ გამოთქმული მოსაზრება მისი პროფესიული კვალიფიკაციის დისკრედიტაციისთვის გამოვიყენოთ, ეს არის ადამიანის უფლებების და დემოკრატული ღირებულებების არასწორი ინტერპრეტაცია, თუ ჰგონიათ, რომ აზრი და გამოხატვის თავისუფლება ეს არის კომპრომატი ვინმესთვის, მაშინ, ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში კი არა ვცხოვრობთ, არამედ ტოტალიტარულ სახელმწიფოში“, – განაცხადა ომბუდსმენმა „ფორმულას“ ეთერში.

სახალხო დამცველის განცხადებით, „ვიხილეთ უპრეცედენტოდ თავხედური, არაპროფესიონალური განცხადებები და თავდასხმა ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატივსაცემი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ“.

„ჩემი მხარდაჭერა არ მარტო კონსილიუმის იმ წევრების მიმართ, რომლებიც უბრალოდ ერთ ზარზე დაგვთანხმდნენ უყოყმანოდ, რომ ყოფილიყვნენ ამ კონსილიუმის შემადგენლობაში, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოების მიმართ, რომლებსაც მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის პირობებში, ფეხზე დგას ტაშს უკრავს, ექიმებს, მათ თავდადებას. მათ მხრებზე, მათ ჯანმრთელობაზე, მათ თავდადებაზე გადაიარა ამ პანდემიამ და დღეს ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის კარგი, არცერთი სიცოცხლე არ აქვთ გადარჩენილი, ბედავენ და ამ სიტყვებით, ამ გაუგონარი, წარმოუდგენელი წინადადებებით არა მარტო თავს ესხმიან და ცდილობენ ამ ადამიანების შეუბღალავი რეპუტაციის დისკრედიტირებას, არამედ ემუქრებიან კიდევაც მათ“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

ის გამოეხმაურა ასევე განცხადებებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა იმსჯელონ სახალხო დამცველის გადაყენებაზე.

„მე დამრჩა ერთ წელიწადზე მეტი დრო, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რომ კიდევ ბევრი რამ გააკეთოს ამ ოფისმა. რაც შეეხება მსჯელობის დაწყებას [გადაყენებაზე], უბრალოდ, მათ კვალიფიკაციაც კი აკლიათ.

ადამიანები საუბრობენ საკითხებზე, რომლებიც არ ესმით. საუბარია იმპიჩმენტზე. საერთოდ არ არსებობს კანონმდებლობაში სახალხო დამცველის იმპიჩმენტის პროცედურა. მოჰყავთ გაურკვეველი საკანონმდებლო რეგულაციები.

მათ, უბრალოდ, კანონის წაკითხვაც არ იციან, მე მგონი, ზოგადი განათლებაც არ აქვთ, არათუ პროფესიული. ვისაც შეაშინებენ, ასეთი საუბრით შეაშინონ საკუთარ გარემოცვაში. როგორც ჩანს ასეთი განცხადებებით აშინებენ ხოლმე ერთმანეთს. ჩემთვის ეს სასაცილოა.

გააგრძელონ ასე საუბარი, ეს ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს და ჩვენს პოზიციონირებას უფრო ამყარებს. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩემი და ჩემი ოფისის კიდევ უფრო მხარდაჭერას აძლიერებს. ასე რომ შეუძლიათ, გააგრძელონ თავიანთი არაკვალიფიციური და მავნებლური განცხადებები და მოქმედებები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე ეთერში ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სააკაშვილს სთხოვა, განეხილა გორის ჰოსპიტალში გადასვლის საკითხი.

„თუ იქნება მიღებული გადაყვანაზე გადაწყვეტილება, მეც პირადად ვესაუბრე მესამე პრეზიდენტს და ვთხოვე, რომ განეხილა, მათ შორის, სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხი. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი ეს ჰოსპიტალი რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, მაგრამ თუ აკმაყოფილებს, შესაძლებელია ესეც იყოს გამოსავალი. არ ვიცი, მე კონკრეტული შეთავაზებები არ მაქვს, მაგრამ ამ ვითარების გაგრძელება არ შეიძლება, პაციენტის საუკეთესო ინტესებიდან გამომდინარე რაღაც კონსესუსური გადაწყვეტილება უნდა იყოს ნაპოვნი. ახლა უნდა შესრულდეს ის რეკომენდაცია, რაც ექიმებმა გასცეს – დაუყოვნებლივი გადაყვანა იმ მრავალპროფილის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი ასეთი პაციენტის მკურნალობა. არ ვიცი ახლა ან წარსულში თუ იგეგემებოდა მისი [სამხედრო ჰოსპიტალში] გადაყვანა, მაგრამ ჩემი თხოვნა იყო, რომ იქნებ განიხილოს ყველა სხვა შესაძლებლობა მე-18 დაწესებულების გარდა და არ გამორიცხოს ისინი, იმიტომ, რომ ყოველი წუთი არის კრიტიკული“, – განაცხადა მან.