არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „არ შეიძლება, ადამიანს დაუძახო აგენტი“ მტკიცებულებების გარეშე.

„რაც შეეხება აგენტობას, ვინ გამოაცხადა? როცა საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, მითუმეტეს, თუ ამ სახელმწიფოს ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20%, ეს ჩვენი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი.

ზურაბიშვილმაც იგივე გაიმეორა, ვიღაცას ეძახის აგენტს. მე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ „სტრეკაზას“ კონკრეტული ადამიანები.

მტკიცებულება ხომ არის საჭირო? წარმოადგინონ, ვის უმალავენ, საზოგადოებას უმალავენ? არ არსებობს ასეთი მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, ვიდრე არ არსებობს განაჩენი, ამ სტანდარტზეა საუბარი, მეტი კი არაფერი, ეს აღიზიანებს ოპოზიციას,“ – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ რუსული კანონის ანალოგის მიღებას აპირებდა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნებოდა აგენტების რეესტრი, რომელშიც შევიდოდნენ პირები და ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმებით უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად გამოცხადდებოდნენ.

კანონპროექტზე საუბრის დროს და მისი ჩაგდების შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობის და ხელისუფლების წარმომადგენლები ოპონენტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად იხსენიებენ როგორც აგენტებს ან ჯაშუშებს.

ქვემოთ გთავაზობთ ირაკლი კობახიძის განცხადებების არასრულ ჩამონათვალს, სადაც ის ადამიანებს აგენტებად იხსენიებს:

„ტერმინი აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს. საქართველოს კანონმდებლობას თუ ჩახედავთ ჯაშუშობაა დასჯადი. ანუ აგენტორული საქმიანობა, როგორც ასეთი, ასეთი ტერმინოლოგია არ გამოიყენება. ჯაშუშობა არის დასჯადი, ჯაშუშობაა არის სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ, ეს არის სხვა რამე“, – თქვა კობახიძემ 15 თებერვალს. 9 მარტს კი განაცხადა: „ერთი კარგი რამ, რაც მოიტანა ამ კანონმა არის ის, რომ საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ აგენტის, ჯაშუშის იარლიყი, (ჯაშუშთან იყო ასოცირებული აგენტი) ყველა შემთხვევაში სათაკილოა, ვისი ჯაშუში და აგენტიც არ უნდა იყო.“

„ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი”, – ამბობს ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილსა და ნიკა გვარამიაზე 24 ივნისს.

„გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გამოაგორეს ძველი, ნაფთალინიდან ამოღებული აგენტები, სცენაზე… ლორა თორტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს“, – თქვა კობახიძემ 31 მაისს.

„მისი პრობლემა მაინც არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენად ის, რომ იღებს დაკვეთებს, ის არის უცხოელი აგენტი. იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს მათ შორის ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს“, – თქვა კობახიძემ 16 მაისს ლევან ბერძენიშვილზე.

„იყო შტურმი სასამართლო სისტემაზე. უტევდნენ სასამართლოს, ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და ამ შტურმში ჩართული იყო ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, მათ შორის უჩა ნანუაშვილი, ყველა მდიდარი „ენჯეოს“ ლიდერი, ნაცმოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერები“, – თქვა კობახიძემ 5 აპრილს.

„აქ ნახესენები იყო ვანო ჩხიკვაძე, ერთ-ერთი უცხოელი აგენტი, დადებით კონტექსტში, რომ თითქოს ევროინტეგრაცია მას მოუტანია საქართველოსთვის“, – თქვა კობახიძემ 24 მარტს.