არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი - კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების შეფასებისას ამბობს, რომ დიპლომატიური უწყების ეს შეფასება არასამართლიანია.

„მემგონი ეს არ არის სწორი შეფასება და იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ არ აქვს ალტერნატივა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საარჩევნო ადმინისტრაციამ, ცესკოს თავჯდომარის ხელმძღვანელობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ეს არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად ადმინისტრაციამ, რაც არის ცესკოს თავჯდომარის დამსახურება და ცესკოს თითოეული წევრის დამსახურება. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია ეს შეფასება არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი“, – განაცხადა კობახიძემ.


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ „პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს“