აშშ-ის საელჩო ნაჩქარევს უწოდებს პარლამენტის გადაწყვეტილებას ცესკოს წევრების დანიშვნის წესის რეფორმების გაუქმებაზე

პუბლიკა

„პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს“, – ამის შესახებ ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო, ოდირის დიდი ხნის არსებული რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

„იმისათვის რომ საქართველოს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, ისინი უნდა ენდობოდნენ ცენტრალური საარჩრევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციას. სწორედ ამას ისახავდა მიზნად წინა, კონსენსუსზე დაფუძნებული პროცედურა,რომელზეც მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმდა, სანამ ეს წესი პროცესის ბოლოს შეიცვალა ინკლუზიური კონსულტაციის გარეშე.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პარლამენტში, სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის გუნდს ერთობლივი მუშაობისკენ ყველაზე მაღალკვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კანდიდატებზე მრავალპარტიული კონსენსუსის მისაღწევად ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ პოზიციების დასაკავებლად, რომლებიც თებერვალში გახდება ვაკანტური“, – ვკითხულობთ განცხადებაში.


კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი. პარლამენტში კომიტეტზე გამოსვლის დროს მომხსენებელმა, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ცესკოს ახლანდელი თავმჯდომარე და ორი წევრი არჩეული არიან 6 თვით და მათ უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ 2022 წლის თებერვლის დასაწყისში.

ამჟამად მოქმედი წესის პირობებში შესაძლებელია, რომ ცესკომ პარლამენტის 2022 წლის შუალედური არჩევნები დანიშნოს რუსთავში და მთელი რიგი საარჩევნო ღონისძიებები განახორციელოს თავმჯდომარისა და ცალკეულ პროფესიულ წევრთა არარსებობის პირობებში, რაც არ არის მიზანშეწონილი და არღვევს ცესკოს, როგორც ინსტიტუტის, ჯეროვანი ფუნქციონირების უწყვეტობის პრინციპს.

განმარტებითი ბარათის მიეხდვით, სწორედ ამ საკითხებმა განაპირობა კოდექსში ცვლილების განხორციელება, რომელიც ახლებურად აწესრიგებს შემდეგ საკითხს, თუ ცესკოს წევრის და ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით გამართული კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, დაუყოვნებლივ ხელახლა ეყრება კენჭი.

ხელახალი კენჭისყრისას კი არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს.